ბი ბი კინგი თანაშემწეებმა მოწამლეს? [Video]
ლას-ვეგასში გარდაცვლილი ბლუზის მეფის, ბი ბი კინგის ქალიშვილებმა – პატი კინგმა და კარენ უილიამსმა განაცხადეს, რომ მათი მამა მოწამლეს.
ისინი ამტკიცებენ, რომ კინგის მკვლელობაში ბრალი მიუძღვით მენეჯერს ლავერნ ტონის და პირად ასისტენტს, მაირონ ჯონსონს.
ლას-ვეგასის პოლიციამ, რომელიც საქმეს იძიებს, განახცადა, რომ კრიმინალისტები ამ ვერსიაზე უკვე მუშაობენ. კინგის გვამი გასულ კვირას გაკვეთეს, შედეგები ივნისში გახდება ცნობილი.
ანდერძის თანახმად, მუსიკოსის უძრავი ქონების, რომელიც ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს, განმკარგველი ლავერნ ტონია. რაც შეეხება მაირონ ჯონსონს, იგი მომაკვდავი კინგის სასთუმალთან იმყოფებოდა. ამ მომენტში, მუსიკოსის ნათესავები მის გვერდში არ იყვნენ.
ადვოკატმა ბენ ბრაისონმა უარჰყო კინგის ქალიშვილების ბრალდება. განაცხადა, რომ ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე, მათი ბრალდება ცილისწამებას წააგავს. დამცველმა აღნიშნა, რომ კინგის ჯანმრთელობას მედიკოსები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ და იგი 89 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა.