ბიძინა ესებუას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/ბიძინა-ესებუა.jpg)
“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, ბრალი გვიან ღამით სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.
პროცესს მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ესწრებოდა. მისი განცხადებით, ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება გადაზიდვის მუხლით ედავება, რომელსაც იგი არ აღიარებს.
ჯანაშიას თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება მისცა, სადაც დეტალურად განმარტა, ადგილმდებარეობა თუ სად შეიძლებოდა მის ავტომობილში სამართალდამცავებს საბრძოლო მასალა “ჩაედოთ”.
„განმარტა სავარაუდოდ სად მოხდა ამ ცეცხლსასროლი და ასაფეთქებელი მასალის ჩადება და ასევე განმარტა მისი დაკავების დეტალები“, – განაცახა იოსებ ჯანაშიამ.
ადვოკატი თვლის, რომ ბიძინა ესებუას დაკავებით სამართალდამცველები ძებნილზე ზეწოლას ცდილობენ.
ბიძინა ესებუას აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ბიძინა ესებუას მამას ტარიელ ესებუას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ მის შვილს ნივთები და ცეცხლსასროლი იარაღი ძებნილი ძმისთვის სჭირდებოდა. გარდა ამისა აცხადებს, რომ ოჯახის არცერთ წევრს არ ჰქონია არანაირი ურთიერთობა ბადრი ესებუასთან და მათთვის უცნობია ძებნილის ადგილსამყოფელიც.
ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბიძინა ესებუა ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა.