მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინა ივანიშვილი რომ არა და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში-თალაკვაძე

კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს: თქვენ რომ 500-600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენს თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?-ვაშაძე

თქვენ გაწირეთ მოქალაქეები. რომ არა „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოში დღეს დაცულია მშვიდობა, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თალაკვაძის განმარტებით, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მაშინ როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასამარა ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში.

„დღეს საუბრობდით, თითქოს მოქალაქეები გაწირეთო. მე გეტყვით, სინამდვილეში მოქალაქეები როგორ გაწირეთ თქვენ. ჯერ ერთი, ემიგრაციის რეკორდი თქვენ გეკუთვნით. მერამდენედ საუბრობთ და იტყუებით, თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი, თანაც მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს. უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, ორ-სამჯერ მეტი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას თქვენი ხელისუფლების პირობებში. მოქალაქეები გაწირეთ თქვენ, როდესაც 300 000 ადამიანი გაატარეთ პენიტენციური სისტემის უმძიმეს ტერორში და დღესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია, ნორმალურად შეასრულოს თავისი სოციალური თუ ეკონომიკური ფუნქცია, რადგან დაუზიანეთ ჯანმრთელობა და ფსიქიკა; თქვენ გაწირეთ ჯარისკაცები, როდესაც მიატოვეთ ბრძოლის ველზე; თქვენ გაწირეთ პენსიონერები, როდესაც „ღიმილიანი საქართველოს პროგრამაში“ გყავდათ ჩართული; თქვენ გაწირეთ პაციენტები, როდესაც ჯანდაცვა გადააქციეთ ბიზნესად; თქვენ გაწირეთ ჟურნალისტები, როდესაც რეიდები ჩაატარეთ და დააპატიმრეთ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და მოუწოდა ოპოზიციას, თავი დაანებონ პოპულიზმს, დაესწრონ სხდომებს და უფრო მეტად ჩაერთონ დებატებში, სადაც მეტ არგუმენტს მოისმენენ.

„ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, თანამემამულეებს ისტორიულ გამარჯვებას. მადლობა საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის. საქართველო ფორმაშია და საქართველო ფორმაშია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რაც იმის დამსახურებაა, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი, ამ პროგრესს ხედავს ჩვენი საზოგადოება და ხედავენ პარტნიორებიც. აქ დასმულ ყველა საკითხზე არსებობს საქმიანი და რიტორიკული პასუხებიც, თუმცა ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არცერთი პოლიტიკური დებატის დროს დარბაზში არ რჩება. მას არ შეუძლია პასუხების მოსმენა. ტყუილად წუწუნებენ აქ და წუხან, თითქოს რაიმეზე პასუხები ვერ მოისმინეს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ პასუხები, რაც ამ დარბაზში არაერთხელ ითქვა.

პირველ რიგში, სოციალურად დაუცველთა ბაზა გაიზარდა, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში შევცვალეთ წესი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე თუ სამსახურს მოძებნის, ამის გამო მას არ უუქმდება სოციალური დახმარება. დისკუსიიდან არათუ გარბიხართ, საერთოდ ვერ მონაწილეობთ დისკუსიებში. ცარიელი დარბაზის უამრავი კადრი არსებობს პარლამენტის სამუშაო არქივში, როდესაც თქვენს ადგილებზე არ ხართ პოლიტიკური დებატების დროს.

რა გავაკეთეთ ჩვენ: ხუთლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ, გავზარდეთ. დღეს ეს არის 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება; ჯანდაცვა, რომელიც თქვენ ბიზნესად გადააქციეთ და 2-3 მონოპოლიურ კარტელს ჩაუდეთ ჯიბეში, ჩვენ დავუბრუნეთ მოქალაქეებს. დღეისთვის 10.6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. თითოეული ღირს არანაკლებ 1 500 ლარი და ზოგიერთი ათიათასობით ლარი ჯდება; პენსია 100 ლარი გქონდათ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება. დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებში გაიცემა პენსიები საქართველოს მასშტაბით; ჩვენ შევქმენით 245 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებთ ბიზნესს, დამსაქმებლებს, როდესაც ასახელებთ იმ რიცხვებს, რომლითაც სპეკულირებთ და ცუდ პოპულიზმს მიმართავთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაფორმდა ევროკავშირთან. მხოლოდ ამ ხელშეკრულებით, მაგალითად, შარშან საქართველომ მიიღო 700 მილიონი ევროს შემოსავალი ექსპორტის შედეგად. ჩვენმა მოქალაქეებმა, ფერმერებმა გაიტანეს თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე ევროპულ ბაზარზე. ესეც შემოსავალია თითოეულ ოჯახში და პირდაპირ შინამეურნეობებში იყო მიმართული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვას ვუსვამთ უმრავლესობის წევრებს: თქვენ რომ 500-600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენს თავს ჩათვლიდით დასაქმებულად? 150 000-ზე მეტ ადამიანს, ვისაც თქვენ დასაქმებულად თვლით, ხელფასი აქვს 600 ლარამდე, 260 000-ზე მეტი ადამიანი უმუშევრად გყავთ რეგისტრირებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონის გამო წავიდა.

„ამ პირობებში, კითხვას ვსვამ: რას აკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას ქვეყანაში?! რატომ არის ასეთი კატასტროფული უმუშევრობა?! რატომ არის ასეთი დაბალი ხელფასები?! რეალური უმუშევრობა არის საქართველოში, დაახლოებით, 540 000 ადამიანი. უმუშევრებს უნდა მივათვალოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი დაბალი ხელფასი. ამ ადამიანებს გაზრდილი ფასების პირობებში არ შეუძლიათ, საკუთარი ოჯახები შეინახონ.

კიდევ ერთხელ მინდა, კითხვა დავუსვა უმრავლესობის წევრებს და ნუ საუბრობენ სხვა უამრავ საკითხზე, კონკრეტულად პასუხი გაგვცენ: თქვენ რომ გქონდეთ 600 ლარი ხელფასი, თქვენს თავს ჩათვლიდით დასაქმებულად?! შეძლებდით ოჯახის შენახვას?! შეძლებდით, ელემენტარულად, სახლში, ბავშვებისთვის საჭმელი მიგეტანათ?! ამიტომ არის, რომ ამდენი ადამიანი ემიგრაციაში მიდის. 800 000-ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ემიგრაციაში წავიდა. სწორედ ამიტომ არის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი გვაქვს ქვეყანაში. ეკონომიკა იზრდებაო, რომ იძახით, ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თქვენ მდიდრდებით, ხალხი ღარიბდება. ფაქტია, რომ შემოსავლები, რომლებიც აქვს საქართველოს მოქალაქეებს, ვერ უზრუნველყოფს ამ გაზრდილი ფასების პირობებში ნორმალურ და ადეკვატურ ცხოვრებას.

ამიტომ დღევანდელ სესიაზე, გვინდა, კონკრეტულად გაგვცეთ პასუხები შეკითხვაზე: თქვენ რომ გქონდეთ 600 ლარი, ჩათვლიდით თავს დასაქმებულად?! ან იმ ადამიანებმა, ვისაც ასეთი დაბალი ხელფასი აქვთ, უნდა ჩათვალონ საკუთარი თავი დასაქმებულად?! რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს ყველასთვის და არა ერთეულებისთვის, ქვეყანაში რომ მდიდრდებოდეს არა ერთეულები, არამედ ყველა ადამიანზე ისახებოდეს ეკონომიკური ზრდა, თუ არის, ზოგადად, ქვეყანაში?“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button