უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოაგდეს
ფრონტზე სულ 61 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 10 “შაჰიდის” ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტია. როგორც უწყება ამბობს, მათ 9 დრონი ჩამოაგდეს.
“2 აპრილის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია Kh-59 მართვადი საჰაერო რაკეტით ზაპოროჟიეს რეგიონის საჰაერო სივრციდან, ასევე 10 უპილოტო საფრენი აპარატით ოკუპირებული ყირიმიდან (კონცხ ჩაუდიდან). უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების ნაწილებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონში ცხრა “შაჰიდ-136/131 გაანადგურეს, ასევე ნიკოპოლის, პავლოგრადის რეგიონებში ჩამოაგდეს” – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, საჰაერო თავდაცვის ძალები დრონებითა და მართვადი ბომბების საფრთხის შესახებ იტყობინებოდნენ.
აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის ოლქში. კრივოი-როგზე თავდასხმისას დაშავდა ერთი ქალი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონის ცენტრალურ ნაწილზე. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არიან დაშავებულები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტების 46 იერიში 4 მიმართულებით მოიგერიეს, სულ ფრონტზე 61 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, იაპონიამ უკრაინას მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში 118 მილიონი დოლარის გრანტი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მისცა.
უკრაინა რუსეთთან ომის კრიტიკულ მომენტში იმყოფება და სასწრაფოდ სჭირდება მეტი დასავლური მხარდაჭერა – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა წუხილი გამოთქვა, რომ კონგრესში, კიევისთვის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი ჩიხშია.
“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას და საჰაერო თავდაცვას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიმართა კონგრესს, უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად.” – განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.