ბილ გეითსის ფონდმა „უწყლო“ ტუალეტის წარმოება დააფინანსა [Video]

ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა ახალი ტიპის უნიტაზის შესაქმნელად, რომელიც წყლის გარეშე იმუშავებს, 710 ათასი დოლარი გამოყო. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
კრენფილდის უნივერსიტეტის დეველოპერებმა ახალ უნიტაზს ნანომემბრანული ტუალეტი უწოდეს. იგი ისეა დაპროექტებული, რომ სახურავის დახურვის შემდეგ უნიტაზის ნიჟარა 270 გრადუსით ტრიალდება და შიგთავსს მის ქვემოთ განლაგებულ ავზში გზავნის.
შემდეგ ნანობოჭკო წყლის ორთქლს, რომელიც ორგანიზმის თხევადი ნარჩენებისგან წარმოიქმნება, უნიტაზის უკან განლაგებულ ვერტიკალურ მილში განდევნის, ხოლო იქიდან, უკვე წყლის სახით, წინა ნაწილში მოათავსებს.
როგორც დეველოპერები ამტკიცებენ, წყალი საკმაოდ სუფთაა და მისი გამოყენება ყვავილების მოსარწყავად ან ნივთების გასარეცხად სავსებით შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება ფეკალურ მასებს, ისინი საგანგებო მექანიზმის დახმარებით, რომელიც ელემენტებზე მუშაობს, ცალკე ავზში თავსდება, სუნის საწინააღმდეგო ცვილით იფარება და ხმება. შემდეგ ტექნიკოსი კვირაში ერთხელ უნიტაზს ნარჩენებისგან გაასუფთავებს და საჭიროების შემთხვევაში ელემენტებს გამოცვლის.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა ნანომემბრანული ტუალეტი საგანგებოდ ღარიბი რეგიონებისთვის გამოიგონეს, სადაც ანტისანიტარია სუფევს და მოსახლეობა სუფთა გამდინარე წყლის დეფიციტს განიცდის.
ინჟინრებს მიაჩნიათ, რომ „უწყლო“ ტუალეტი ძალიან ჰიგიენურია და წყლის ეკონომიის საშუალებასაც იძლევა. მათი თქმით, ახალ უნიტაზებს პირველ რიგში აფრიკის ქვეყნებში გამოცდიან.