ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც გუშინ, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, შიმშილობას იწყებს.
ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა.
“მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.
ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.
პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.
ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.
მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – ამბობს ჩიკვაიძე, რომლის კომენტარსაც TV პირველი აქვეყნებს.
დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ბრალდებული, გიორგი ჩიკვაიძე, ადრესატი კი ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძეა, რომელმაც 1 115 000 ლარი ჩიკვაიძის კომპანიას იახტის შესაძენად გადაუხადა.
საბოლოოდ, ვერც იახტა მიიღო და ვეღარც კუთვნილი თანხა დაიბრუნა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გიორგი ჩიკვაიძე თავს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, “აზიმუტ ბენეტის” წარმომადგენლად მოიხსენიებდა, თუმცა “კურიერმა” მოიპოვა თავად იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიის წერილი, რითაც ჩიკვაიძეს “აზიმუტის” სახელის უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს.
გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარებისთვის იტალიის ფინანსურ პოლიციასაც მიმართა. ქართველი კოლეგების თხოვნით, ქალაქ ტურინის სამმა გამომძიებელმა დაკითხა “აზიმუტის” იურისტი, ჩვენება კი თბილისში გადმოიგზავნა.
ჩვენება ადასტურებს, რომ იახტის შეძენით დაინტერესებული ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე სინამდვილეში თაღლითური მაქინაციის მსხვერპლი გახდა – ასეთია დაზარალებულის ადვოკატის პოზიცია. “კურიერთან” საუბარში იურისტი ამბობს, რომ ჩიკვაიძე ცნობილი იტალიური კომპანიის სახელს ფულის გამოძალვის მიზნით იყენებდა.
თავად ჩიკვაიძე ბრალდებას არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. ის ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, თუმცა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც პროკურატურის ინფორმაციით, სადახლოს გავლით, ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა.
მოსამართლემ ძალაში დატოვა ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის მიმართ დადგენილი გირაო 50 000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს საერთოდ არ განეკუთვნება.
რატომ შეიცვალა გიორგი ჩიკვაიძის მიმართ დადგენილი გირაო პატიმრობით – პროკურორმა იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულის მიერ ქვეყნიდან გაქცევის მცდელობას ადასტურებს.
ჩიკვაიძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა საქმის მასალებში დევს დაზარალებული ბიზნესმენის მიერ მისთვის გადარიცხული ფულადი ტრანზაქციები. ფინანსური დოკუმენტებით დგინდება, რომ ჩიკვაიძემ დაზარალებული ბიზნესმენის მიერ მიღებული 1 115 000 ლარი არა იახტის შესაძენად, არამედ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
საქმის მასალებში დევს ვიდეო ჩანაწერიც. გიორგი ჩიკვაიძე დაზარალებულ ბიზნესმენს არწმუნებს, რომ იახტის ჩამოყვანის მიზნით თურქეთში იმყოფებოდა. გამოძიებამ გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ჩიკვაიძეს სახელმწიფო საზღვარი საერთოდ არ გადაუკვეთია, ჩანაწერი კი სარფში, საქართველოს ტერიტორიაზეა გაკეთებული.
იახტა, რომელიც ელგუჯა თურმანიძეს 2023 წლის 31 აგვისტოს უნდა მიეღო, საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულა. მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ჩიკვაიძეს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გუშინ, 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება – 50,000-ლარიანი გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა. პროკურორი ამბობდა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზეც, რის გამოც უნდა შეცვლილიყო მათი აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით:
„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“. მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებით, გიორგი ჩიკვაიძეს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი პაპიაშვილი კი გაათავისუფლეს.
გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმე
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა – მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.
გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, – რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, – „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“. პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. თავდაპირველად სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000-50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.