24 აგვისტო ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც

24 აგვისტო ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა, სამწუხაროდ, ჩვენი მტრისთვისაც. გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოსახლეობას.
უკრაინის პრეზიდენტი სთხოვს მოსახლეობას, შესაძლო პროვოკაციების გამო, 24 აგვისტოს – უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
„მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. სწორედ ამიტომ, ეს დღე, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანია ჩვენი მტრისთვისაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლოა, ველოდოთ პროვოკაციებს და სასტიკ იერიშებს. შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ხალხის დასაცავად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და აუცილებლად ვუპასუხებთ რუსული ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მაგრამ გთხოვთ, ამ დღეს განსაკუთრებით დაიცავით უსაფრთხოების წესები. გთხოვთ, დაიცავით კომენდანტის საათი. გაითვალისწინეთ განგაშის სიგნალები. ყურადღება მიაქციეთ ოფიციალურ განცხადებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.
ასევე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.