მნიშვნელოვანისიახლეები

ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას აქვეყნებს.

ცესკო-ს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი განაცხადია წარდგენილი. კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები, მეორე პოსტზე კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

ამასთან არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ ოცნებას საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფში სამართლანი არჩევნების (ISFED) ჩართვისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ჯგუფში ორგანიზაციის დაშვებამდე დროებით წყვეტენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.

ერთობლივ განცხადებას ხელს 4 ორგანიზაცია აწერს. ესენია: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მხრიდან სამართლიანი არჩევნებისადმი საარჩევნო საკითხების სამუშაო ჯგუფში ჩართვის შეზღუდვა დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.

მათი თქმით, ოცნების გადაწყვეტილება უსამართლო, დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული შინაარსისაა. ამასთანავე, მათი თქმით, ISFED-ის საარჩევნო საკითხების სამუშაო ჯგუფში მონაწილების შეზღუდვა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დასახულ 1-ელ და მე-10 პრიორიტეტებს, რაც დეპოლარიზაციასა და გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობას ითვალისწინებს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერვე განსაზღვრული პირობებით ლიმიტირებულ ჯგუფებში შესთავაზა და NGO-ები ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად კეთილსინდისიერად მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფებში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ISFED წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ დასახელებული ორგანიზაციის დაბლოკვის მიზეზები კი, NGO-ების აზრით, კვალიფიციური ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლასა და დისკრიმინაციაზე მიუთითებს.

სამოქალაქო ორგანიზაციები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, გაიაზრონ ამ გადაწყვეტილების დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე და სამუშაო ჯგუფის მომავალ შეხვედრამდე უზრუნველყონ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფში სამართლიანი არჩევნების (ISFED) მონაწილეობა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება:

“2022 წლის 18 აგვისტოს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) “ქართულმა ოცნებამ” უარი უთხრა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე.

ISFED-ისთვის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა არის კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა და ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის შინაარსი და კონტექსტი აქვს. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიაზიას და “გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას” მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ერთიანი პროცესის ხედვა ხელისუფლებამ სრულყოფილად არ წარმოადგინა, არ შექმნა მაღალ დონეზე ორგანიზებული მონაწილეობითი დემოკრატიული პროცესი და არც თავად სამუშაო პროცესის წესებთან და პრინციპებთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები გაუვლია სამოქალაქო ორგანიზაციებთან და სხვა დამოუკიდებელ აქტორებთან, სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურად ვცდილობთ გამოვიყენოთ კომუნიკაციის და თანამშრომლობის ყველა შესაძლებლობა პარლამენტთან. საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა. თუმცა, “ქართული ოცნების” მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და, ძირითადად, არაინკლუზიურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღემდე კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად ვმონაწილეობთ ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვცეს, სამუშაო ჯგუფებს წარვუდგენთ ჩვენს წინადადებებსა და მოსაზრებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

ISFED წარმოადგენს წამყვან სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან აქტიურად მუშაობს საარჩევნო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან დღემდე ISFED-მა განახორციელა ფაქტობრივად ყველა ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ISFED სამუშაო ჯგუფში წარდგენილ იქნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი გაერთიანების – საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ დასახელებული მიზეზები, რომელთა გამოც ISFED-ს აეკრძალა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, წარმოადგენს კვალიფიციური და მდიდარი გამოცდილების მქონე სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობის თვითნებურ ხელშეშლას, დისკრიმინაციას აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების საფუძვლით. კრიტიკული შეხედულებებისა და შეფასებების გამო, ISFED-ის დისკრედიტაცია მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ვერ იაზრებს სამოქალაქო ორგანიზაციების, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებელ სუბიექტების როლს.

დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნების” ხელმძღვანელობას გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე.

ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.”

***

18 აგვისტოს, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნები (ISFED) არ მიიწვია.

ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის “არანეიტრალურობა” დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა.

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზაციის დაბლოკვა საარჩევნო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისგან, სამოქალაქო ორგანიზაციის უფლებების შეზღუდვა და დევნაა.

ნინო დოლიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების არგუმენტი, პოლიტიკური მიკერძოების შესახებ, რადგან “სამართლიანი არჩევნები” არასდროს ყოფილა არცერთ პოლიტიკურ მხარეს.

საკითხს ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ყველა შესაბამის NGO-ს საშუალება უნდა მიეცეს, ჩაერთოს პროცესში”.

ცნობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ინფორმაციას ავრცელებს და იმ ფაქტს ეხმაურება, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიან არჩევნებს“ მონაწილეობის ნება არ დართეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნებისმიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩართულობა არ უნდა განისაზღვროს და მით უფრო შეიზღუდოს ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა ეხმიანება შიდა კონსულატაციების შედეგად, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად დასახელებული მისი წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ჯგუფის შეხვედრაზე არ დაშვებას.

ეროვნული პლატფორმა ვერ გაიზიარებს ჯგუფის ხელმძღვანელის, ბატონი გივი მიქანაძის მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციას, აღნიშნული ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფში არ დაშვებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩართულობა არ უნდა განისაზღვროს და მით უფრო შეიზღუდოს ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ თავად ორგანიზაციის მხრიდან დაფიქსირდა ჩართულობის მზაობა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეთთან არსებულ სამუშაო ჯგუფებში, რაც ნათლად ადასტურებს მის კონსტრუქციულ თანამშრომლობით განწყობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ასევე ერთგულებას მთლიანად დემოკრატიული პროცესებისადმი. აღნიშნული კი უპირველეს ყოვლისა მოიაზრებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის სახელისუფლოსთან, კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის გაგრძელების მზაობას ინკლუზიურობის პრინციპის საფუძველზე. ვთვლით, რომ დღეს განსაკუთრებით საჭიროა ძალების კონსოლიდაცია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. შესაბამისად, მზად ვართ, გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების რეალური ჩართულობისთვის ამ უკიდურესად მნიშვნელოვან პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ შედეგად, კარი გაეხსნება როგორც „სამართლიან არჩევნებს“, ისე სამოქალაქო საზოგადოების უფრო ფართო შემადგენლობას, რათა თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ევროპულ მომავალში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button