მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ალიანსმა გააძლიერა პარტნიორობა როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან

ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის დაწყებამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ალიანსმა გააძლიერა პარტნიორობა როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინასა და საქართველოზე წევრობასთან დაკავშირებით ზუსტად აქ, ბუქარესტის NATO-ს სამიტზე. მაშინ მეც ვიმყოფებოდი, ნორვეგიის პრემიერმინისტრის რანგში. ეს შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. მოხარული ვარ, რომ მას შემდეგ გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. ველი საგარეო საქმეთა მინისტრებისგან იმის გამეორებას, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას ვასრულებთ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, გარდა ალიანსისა, შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვისაც.

ბლინკენის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ გააძლიერებს NATO-ს ყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე.

“შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და NATO-თვის. ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი მოკავშირე და ასევე ორი მჭიდრო პარტნიორი: საქართველო და უკრაინა. შავი ზღვის გარკვეული რაიონები რუსეთმა საომარ ზონად აქცია. ვხედავთ გემებიდან გაშვებულ რაკეტებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით. ასევე რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებას, რამაც გამოიწვია ყველაზე სერიოზული – სასურსათო კრიზისი. ჩვენ გავაძლიერებთ NATO-ს ყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე. შავი ზღვის რეგიონი NATO-ს თავდაცვისა და სტრატეგიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ერთგულები არიან ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი.

“დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგანაც NATO აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და გამძლეობის შესაქმნელად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. მტკიცედ ერთგული ვართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button