მნიშვნელოვანისიახლეები

ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი-ოპოზიცია და ოცნება პრეზიდენტს აკრიტიკებენ

რა ვადებში უნდა შეუწყვიტოს მოქალაქეობა პირს პრეზიდენტმა და არღვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი კანონს – პოლიტიკური ბრალდებების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი განმარტება გააკეთა. გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად.
საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ჩინოსნის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტას, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თემა დისკუსიის საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი არა ვადები, არამედ ის, თუ რა არის სალომე ზურაბიშვილის არგუმენტი და შეცვლის თუ არა ის გადაწყვეტილებას.

ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი – ბიძინა ივანიშვილი, თავის რეჟისურით, რომლითაც ათამაშებს მარიონეტებს თავის გარშემო, ალბათ, სტივენ სპილბერგს შეიძლება შევადაროთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე გამოეხმაურა ასევე ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენებიც ჯაშუშების დაცვას ემსახურება.
„ეროვნულ ბანკს თავს დაესხა ჯაშუში ფარცხალაძის მცველები „ქართული ოცნების“ სახით და აიძულეს მიეღოთ გადაწყვეტილება და გამოეცათ ბრძანება, რომლის მიზანია დაიცვან ჯაშუშები ფარცხალაძით დაწყებული, სხვებით გაგრძელებული. ჯაშუში ფარცხალაძის დაცვაში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ უწყვეტს მას მოქალაქეობას. ბიძინა ივანიშვილი თავის რეჟისურით, რომლითაც ათამაშებს ამ მარიონეტებს თავის გარშემო, ალბათ, სტივენ სპილბერგს შეიძლება შევადაროთ. ეს ყველაფერი არის თამაში, სცენარი. ისე კარგად ჩანს ეს ყველაფერი: რეჟისორი ივანიშვილი ისე კარგად ალაგებს – პრეზიდენტმა ეს უნდა თქვას, კობახიძემ ის უნდა უპასუხოს… მერე შათირიშვილის გრძელი წერილით ანაწილებს გლობალურ სამყაროს”, – განაცხადა ვაშაძემ.

“სამი თვე არის პროცესის დაწყებიდან დამთავრებამდე და პრეზიდენტს აქვს ბოლო 1 კვირა. ეს ეხება როგორც მოქალაქეობის მიცემას, ისე ჩამორთმევას, ასევე, მოქალაქეობიდან გასვლას. როგორც ჩანს, ეს კანონი ორმაგად იკითხება როგორც იურისტების მიერ, ასევე, თავად პრეზიდენტმა სხვანაირად წაიკითხა, მაგრამ მთელი ეს იწილო-ბიწილო არაფერში არ ადგება არავის. ეს ადამიანი არ არის ღირსი, რომ იყოს საქართველოს მოქალაქე, სამართლებრივად მან უნდა გამოიტანოს დროზე გადაწყვეტილება. რას ემსახურება ეს – ყოველდღე კარგავს მხარდამჭერებს თუნდაც ამ საკითხში, მომხრე არავინ არ არის, გარდა თავისი ორი თანაშემწისა,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებული პრობლემა უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი.
“ეს იურისტებმა იდავონ, ერთი კვირაა ვადა თუ სამი თვე, ამ დროის განმავლობაში მოცემულობაში ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის პოზიცია და მისი უარი, ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პასუხი და არ ვიცით, ერთი კვირის ვადაში თუ სამი თვის ვადაში ამ გადაწყვეტილებას შეცვლის თუ არა, რაც ვფიქრობ, რომ არის პრობლემა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური. შესაბამისად, მთავარი საკითხი არის აქ აპირებს თუ არა პრეზიდენტი გადაწყვეტილების გადახედვას,”- აცხადებს თეონა აქუბარდია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური მნიშვნელობა.
“აქ არსებითი არ არის, სამი დღეა თუ შვიდი, აქ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ვერ გააცნობიერა პოლიტიკურად რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი უფლებამოსილების გამოყენება რუსი ჯაშუში სანქცირებული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად. მე ვერ გავიზიარებ იმ არგუმენტებს, რასაც ის და მისი წარმომადგენლები საზოგადოებას განუმარტავენ,”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს. ამასთან, მისთვის გაუგებარია ის არგუმენტები, რაც პრეზიდენტს მოქალაქეობის არ შეწყვეტის მიზეზად მოჰყავს და ამბობს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
“არ მინდა გამომივიდეს ვინმეს პოზიციის დაცვა ან მხარდაჭერა, შესაბამისად, მხოლოდ სამართლებრივად რომ შევაფასოთ, სამ თვიანი ვადა არსებობს, რა ვადაშიც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, თუმცა ახსნა, რომ თურმე რაიმე სამართლებრივი პროცედურისთვის არის საჭირო და რომ არა მოქალაქეობის არ შეწყვეტა და საქართველოს მოქალაქედ არ დატოვება რაიმე სამართლებრივი შემაფერხებელი მდგომარეობა არსებობს, ასეთი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ჩემთვის ის პოზიციები, რაც ჟღერდება,”- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი კანონს არღვევს და საკუთარ თავზე ირგებს. საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ეს საკითხი არია.
“ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ კვირაში თუ ერთ თვეში იქნება დამოკიდებულება არასწორი საკითხისა და კანონის მიმართ, ამაში დიდი განსხვავება არ არის. პრობლემა არის არსში და არა იმდენად თარიღებსა თუ ვადებში.
არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს არ გამოდის. პრეზიდენტმა არია ეს საკითხი საკითხი, ის გავიდა კონსტიტუციიდან, არე ემორჩილება კანონს. ამ არეული საკითხის დალაგება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, იმით რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს.
იქ, სადაც პრეზიდენტი აძლევს თავს უფლებას რომ კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე, მერე უკვე სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების თავისუფლებას მისცემენ საკუთარ თავს, ზოგი როგორ მოახდენს ამის ინტერპრეტაციას და ზოგი როგორ,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას რომ არღვევდა, ყველამ ვნახეთ, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით პირდაპირ არღვევს კანონს, გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რას ემსახურებოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ რთულია შეფასების გაკეთება.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, ახლა ჩემი, თქვენი ფიქრები აქ არაფერ შუაში არ არის, ალბათ პირდაპირ მას უნდა დაუსვათ შეკითხვა, რა არის ამის მიზეზი. კონსტიტუციას რომ არღვევდა, ვნახეთ ეს ყველამ, ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს კანონს, ამიტომ ჩემთვის ცოტა რთულია შეფასების გაკეთება და გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ქართული კანონმდებლობით აგებს პასუხს ფარცხალაძე, კახა კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება პასუხისგებას, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაჟღერებული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რადგან უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული. შეიძლება, ეს ასე საჯაროდ არ იყოს გაცხადებული, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ალბათ მიიღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button