მნიშვნელოვანირეგიონი

ბოტკოველმა ივანიშვილს ,,თანამედროვე შაჰ- აბასი და აღა-მაჰმად- ხანი” უწოდა

თანამედროვე შაჰ- აბასი და აღა-მაჰმად- ხანი” – ასე უწოდა ბიძინა ივანიშვილს “ერთიანობა”- ნაციონალური მოძრაობის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა.

განცხადება, ” ქართული ოცნების” მიერ, თელავში, 28 სექტემბერს ჩატარებული შეხვედრის შესახებ, ბოტკოველმა დღეს, პარტიის ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა.

“ყველაფერი ნათელია მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ თელავში ვიხილეთ – „ქართული ოცნების“ მასობრივი თავშეყრა, სადაც ადამიანები ძალით მიიყვანეს და ამ შეკრებაზე მოვისმინეთ ისტორიის უცოდინარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომელმაც ისაუბრა და თავად ახსენა აღა-მაჰმად ხანი. მე მას ვეტყვი, რომ ის კახელებისთვის არის თანამედროვე შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა ქართველი ხალხის, როგორც უფლებები, ისე მათი ყოველდღიური ყოფა. ხელისუფლებამ მიატოვა – ხალხი, სოფლები, საიდანაც მასობრივი ემიგრაცია მიმდინარეობს, ფაქტობრივად, მუშახელი არ არის დარჩენილი და ეს რეალობას ივანიშვილის 12 წლიანმა კორუმპირებულმა მმართველობამ შექმნა. ერთადერთი გამოსავალი, რაც არის დარჩენილი, ეს არის 26 ოქტომბერი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ და ქვეყანას ამ განსაცდელიდან გამოვიყვანთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდეს, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მთელ ქვეყანას და პირველ რიგში, კახეთის მოსახლეობას: გამარჯვებისთანავე, ჩვენ სასწრაფო მოლაპარაკებებს ევროკავშირთან დავიწყებთ, რათა საქართველომ ყველა ის სიკეთეები მიიღოს, რასაც ევროკავშირი თავისი წევრი და კანდიდატი ქვეყნებისთვის გასცემს და ამის მაგალითია პოლონეთი, რომელმაც გაწევრიანებიდან 10 წლის განმავლობაში 256 მილიარდი ევრო მიიღო. გამარჯვებისთანავე ჩვენ მივიღებთ 14 მილიარდ ევროს, რაც რეალურად, ქართველი ხალხის საჭიროებებს მოხმარდება.

პირველივე წელს, ჩვენ ვთავაზობთ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ყოველთვიურ 300 ლარიან დახმარებას, რათა მათ ელემენტარული გაჭირვებიდან გამოსვლა და მიწების დამუშავება შეძლონ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტების მხარდაჭერა და ჩვენ შევქმნით 1 მილიარდიან პროგრამას, რომელიც პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ არის ინიცირებული და სწორედ, ამ თანხით ჩვენს ემიგრანტებს დავეხმარებით, რომ საქართველოში დაბრუნება შეძლონ და ჰქონდეთ საშუალება, ოჯახები არჩინონ.

26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, 26 ოქტომბერი არის ქვეყანაში გაჭირვების, უბედურების, შუღლის, ბოღმის და იმ ყველაფრის, რასაც ბიძინა ივანიშვილი გამოსცემს, დამარცხების დღე და ჩვენ აუცილებლად, ერთიანობით ამ დღეს ვიზეიმებთ“, – განაცხადა ბოტკოველმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button