ცესკოს თავმჯდომარემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გამართა,სადაც არჩევნებისთვის მზადების პროცესი შეაჯამა.
მისი განაცხადებით, ხვალ, 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება და ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
მისივე თქმით, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტზე – 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის, ასევე მაჟორიტარ კანდიდატებს შორის უნდა გააკეთოს.
”3 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად. 5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.
არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.
ხვალ, დილის 8:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, ოქმები და აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალის უბნებზე გადაცემის პროცესი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით; თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგები და ისინი მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად.
”ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკომ ამომრჩეველს არაერთი ინოვაციური სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის; აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.
8 ოქტომბერს, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნების გარდა ჩატარდება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ამავე დღეს, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, ჩატარდება საკრებულოს შუალედური და მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები. საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება ქალაქ თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში; ხოლო რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება თვითმმართველი ქალაქის – ახალციხის მერისა და თვითმმართველი თემების – ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლების ასარჩევად“.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს აგიტაცია იკრძალება კენჭისყრის შენობაში. აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი.
8 ოქტომბერს ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.
,,20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ამასთან, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელს პირველად ცესკო ახორციელებს ინოვაციურ საპილოტე პროექტს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების დათვლის პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით (Facebook; YouTube). ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). შესაბამისად, გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
8 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმვალობაში მედიაცენტრში 6 საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. შედეგების დათვლის პროცესს საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების ცესკოში შემოსვლისთანავე იწყებს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობას 9 ოქტომბრის ღამესვე დავიწყებთ.“-განაცხადა თმარ ჟვანიამ.
ცესკოს თავმჯდომარემ ამომეჩევლებს მოუწოდა მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მოიხადონ თავიაანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ხელი შუწყონ მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.