ბრალდებული დეპუტატი საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობს

ოჯახურ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პროკურატურის შუამდგომლობით, პატიმრობიდან გირაოთი განთავისუფლდა. მაჟორიტარი დეპუტატი, სოფელ შალაურის ადმინისტრაციული ერთეულიდან, მიხეილ გრემელაშვილი, საკრებულოს სხდომებს ესწრება და განაცდურ ხელფასსაც აიღებს.
დეპუტატი, საკრებულოში საკუთარი საქმიანობის ამსახველ ფოტოებს, სოციალურ ქსელშიც ავრცელებს.
გირაოთი განთავისუფლებისა და მიმდინარე გამოძიების ირგვლივ, კომენტარის გაკეთებაზე, თავად გრემელაშვილმა, რადიო ჰერეთს უარი უთხრა.
“ცუდ დროს მირეკავთ, მოგვიანებით ვისაუბროთ”- განაცხადა გრემელაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის უფროსი, ტარიელ გალახვარიძე ადასტურებს, რომ დეპუტატი გრემელაშვილი, საკრებულოს საქმიანობაში ნამდვილად მონაწილეობს.
” ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 43- ე მუხლი, უფლებას აძლევს მას, სხდომებს დაესწროს და დეპუტატის უფლებამოსილება განახორციელოს. როცა პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ჩვენ გრემელაშვილს უფლებამოსილება შევუჩერეთ. მისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შემდეგ, კანონის შესაბამისად, სადეპუტატო უფლებამოსილება აღდგა და განაცდურიც უნდა აიღოს, რაკი ანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, საკრებულო დეპუატატს უფლებამოსილებას შეუწყვეტს”- განაცხადა გალახვარიძემ.
სოფელ შალაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ოჯახურ ძალადობაში 2020 წლის ზაფხულში ამხილეს და ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრემელაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, სოფელ შალაურში, კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს.
საკრებულოს დეპუტატი ოჯახის წევრებზე ძალადობაში ნათესავმა ამხილა. 2020 წლის 8 ივლისს, სუროგაციის ცენტრ” ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ბიძაშვილი, მიხეილ გრემელაშვილი შვილებს წლების განმავლობაში სცემდა, ცოლზე ძალადობდა და იარაღით ემუქრებოდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მიხეილ გრემელაშვილი, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, შალაურის ადმინისტრაციული ერთეულიდან, “ქართული ოცნების” წარდგენით აირჩიეს.
მოგვიანებით, მან პარტია დატოვა, ” პატრიოტთა ალიანსს ” შეუერთდა და საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დღემდე იკავებს.
გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126′ 11, 151- ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საკრებულოს წევრის საქმეს თელავის რაიონულ სასამართლო იხილავს. როდის დადგება განაჩენი, გრემელაშვილის მიმართ, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს მჟორიტარ წევრს, 4- დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება