კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბრალდებულის დემარში და მამის შეწყვეტილი შიმშილობა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას, არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა, თუმცა სასამართლომ სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც, მათ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

გიორგი გელხაური

,,პროცესზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, არასრულწლოვანს წნევა გაუზომეს და სასამართლოს განუცხადეს, რომ ზ.ხ. თავს კარგად გრძნობდა. ზ.ხ.-ს ჰქონდა თავბრუსხვევა და ხელები და ფეხები დაბუჟებული. მან ვერ შეძლო პროცესზე მონაწილეობის მიღება. მისი სურვილია, რომ დასვას კითხვები იმ მოწმეებთან მიმართებით, რომლებიც იკითხებიან ამ არსებით სხდომებზე. პროკურატურამ მოითხოვა საქმის გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ზ.ხ.- ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და თავს ცუდად გრძნობდა. ზ.ხ.-მ დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი, ვინაიდან ისევ შეუძლოდ გახდა და მეც მთხოვა, დამეტოვებინა სასამართლო პროცესი და არ მიმეღო ამ ფარსში მონაწილეობა. ახლა სასამართლო ალბათ იმსჯელებს, რა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა პროცესი ზ.ხ.-ს და მისი ადვოკატის გარეშე.” – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობას აგრძელებს.

,,აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმების მხრიდან მასზე მეთვალყურეობა. სხვა ადვოკატებიც დაგვეთანხმნენ და გვითხრეს, რომ პროცესის გადადება უნდა მომხდარიყო, თუმცა როგორც ჩანს, მართლმსაჯულებისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და არ აინტერესებთ არაფერი, გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდეს და მიიღონ გამამტყუნებელი განაჩენი.” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

დავით ყაზარაშვილი

“გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას, გაგრძელებულიყო პროცესი.” ამის შესახებ, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესის გადადების შემდეგ განაცხადა.

,,მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი და ამავდროულად, მოუწოდა თავის ადვოკატს და კანონიერ წარმომადგენელს, რომ დაეტოვებინათ სასამართლო პროცესი და მის გარეშე არ გაეგრძელებინათ.” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს შთაბეჭდილება, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, რის გამოც არასრულწლოვანს სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

„დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე. ის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატთან ერთად განაგრძობს ბრალდებულის დაცვას.” – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

 

თამაზ ხომასურიძე

ამავდროულად, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან განაცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო.

თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც მოუწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება, სასურველია, რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.

„შიმშილობას ვწყვეტ, იმიტომ, რომ პროკურატურას ცალ ფეხზე ჰკიდია არასრულწლოვანი შიმშილობს თუ არ შიმშილობს. ამ არასრულწლოვანს, შიმშილის დროს, ყოველდღე დაუნიშნეს სასამართლო სხდომა. მოშიმშილე ბავშვი ყოველდღე უნდა ათრიონ აქეთ-იქით, დაღალონ, მოკლან მორალურად ბავშვი. ესენი ხომ ადამიანები არ არიან? მე ჩემს შვილს ვთხოვ: ყველანაირ შიმშილობას თავი დაანებე, დაიწყე ჭამა. ფეხზე ჰკიდიათ, იშიმშილებ თუ არა, თავიანთი თავი აინტერესებთ, მეტი არავინ, სიმართლე ამათ არ უნდათ. გუშინ პროკურორს წამოსცდა, რომ დაცვის მხარეს აქვს უფლება, თვითონ ჩაატაროს ეს ტესტი თუ უნდაო.

თამაზ ხომასურიძე, მირიან ნიკოლაძე

“ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ფულს შევაგროვებთ, ვინც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით. ფული არ გვაქვს ჯერ, მაგრამ აუცილებლად მოვითხოვთ. ჩვენს ხალხს თვითონ გავატარებთ დეტექტორზე და მოვიხმობთ ამირხანაშვილს. მოვა თუ არა, მისი საქმეა. შაქარაშვილის ბიძაც, სასურველია, თუ ინებებს და მობრძანდება. ერთი თქვას, ენდობა თუ არა გამოძიებას და სიმართლე თქვა თუ არა გამოძიებამ. ეს თქვას, მეტი არაფერი. ამირხანაშვილმა ბოლო ჩვენება გაიმეოროს, ჩემი შვილი, თავიდან რა ჩვენებასაც იძლეოდა, იმას გაიმეორებს. „ქამრის“ ყველა წევრი გაიმეორებს. იმასაც მოვითხოვ, რომ ჩემს შვილს შეუწყდეს ინფორმაცია, რომ არ იცოდეს, თუ რას ვაპირებ და როგორ. მოულოდნელად უნდა ჩაუტარდეს სიცრუის დეტექტორზე ტესტი, რომ ვერ მოემზადოს ვერანაირად. გააღვიძონ ღამე და ისე ჩაუტარდეს. მერე არ თქვან, რომ ინფორმაცია ჰქონდაო. ამირხანაშვილმა იცოდეს, პრობლემა არ არის. ამას ხალხისთვის ვაკეთებ, პროკურატურისთვის არ ვაკეთებ, რადგან სასჯელს მაინც მისცემენ. მთელი საქართველოსთვის ვაკეთებ ამას იმიტომ, რომ მთელს საქართველოში ყველას აინტერეებს სიმართლე.” – განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხომასურიძემ მისი შვილის სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მოთხოვნით შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობს მისი არასრულწლოვანი შვილიც, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზეა ბრალდებული.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოუხდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button