რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, როგორც ჩანს, ბოლო სამი დღეა, რუსეთმა კოორდინირებული სახე მისცა შეტევებს დონეცკის ოლქის ქალაქების, უგლედარის და პავლოვკის გარშემო. ეს დასახლებული პუნქტები ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 50 კილომეტრში მდებარეობს.
“რუსი ოკუპანტები გადავიდნენ ვუჰლედარზე კოორდინირებულ თავდასხმაზე და სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, ქალაქ პავლოვკასა და ვუჰლედარზე თავდასხმები უფრო შეთანხმებულ თავდასხმად აქცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი იყენებს საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადას, რომელმაც 2022 წლის ნოემბერში, ამავე რაიონზე შეტევისას წარმატებას ვერ მიაღწია, ამჯერად კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მეტრით წინ წაიწია ფრონტის ხაზის აღმნიშვნელ მდინარე კაშლაჰაჩთან.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ რუსული სარდლობა ამზადებს შეტევის ახალ მიმართულებას დონეცკის ოლქის იმ ნაწილზე, რომელსაც კიევი აკონტროლებს, რათა უკრაინის არმია ბახმუტს მოსწყვიტოს.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთი ბახმუტის სექტორში მიაღწევს ლოკალურ წარმატებებს, თუმცა, ოპერატიული გარღვევისთვის მისი ძალები არასაკმარისია.
რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთში მოსალოდნელ ახალ შეტევაზე წერს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც(ISW). მისი ექსპერტების თანახმად, დასავლეთის, უკრაინის და რუსეთის ბოლო განცხადებები ადასტურებს ცენტრის პროგნოზს, რომ რუსული ძალები ქმნიან პირობებს უახლოეს თვეებში ლუგანსკის ოლქში გარდაუვალი შეტევის დასაწყებად.
ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰყავდეს საკმარისი უმოქმედო ჯარი რეგიონში მნიშვნელოვანი ოპერატიული გარღვევის მისაღწევად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსები რამდენიმე თვეა ცდილობენ უკრაინელების თავდაცვის გარღვევას.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, დასავლური, უკრაინული და რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ახალი შეტევებისთვის ემზადება. ISW აღნიშნავს, რომ ცნობები შეესაბამება რუსეთის მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით მანამდე მათ მიერ გავრცელებულ შეფასებებს.
30 იანვარს NATO-ს გენერალურმა დირექტორმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების მზაობის არანაირი მინიშნება არ არსებობს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია მოახდინოს 200 000-მდე პერსონალის მობილიზება და აგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, მათ შორის ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან. სტოლტენბერგის თქმითვე, რუსეთის პრეზიდენტის მიზნები უკრაინაში უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, ISW უკრაინის სახმელეთო ჯარების რეზერვისტთა საბჭოს ხელმძღვანელს ეყრდნობა და წერს, რომ მოსალოდნელი თავდასხმისთვის რუსული ძალები დონბასში დაჯგუფებებს აძლიერებენ. ივან ტიმოჩკომ აღნიშნა, რომ რუსეთის ძალებს შიდა ზეწოლის ზრდის გამო დასჭირდებათ შეტევა გამარჯვებისთვის.
“სტოლტენბერგისა და ტიმოჩკოს განცხადებები აძლიერებს ISW-ის მხრიდან მანამდე გაკეთებულ პროგნოზებს, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში, უახლოეს თვეებში შეტევებისთვის პირობებს ქმნიან”, – ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში.
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ესმის ყველა საფრთხე და გამოწვევა და უკრაინა ემზადება ძლიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის რუსეთის ფედერაციის შესაძლო შეტევაზე – აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ესმის ყველა საფრთხე და გამოწვევა და ჩვენ ვემზადებით ძლიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის რუსეთის ფედერაციის შესაძლო შეტევაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს თავის უცხოელ კოლეგებთან. უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მუშაობა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ყოველდღე გრძელდება“, – განაცხადა დანილოვმა და აღნიშნა, რომ ეს გამოწვევაა, მაგრამ უკრაინა გაუძლებს, რადგან გასული წლის 24 თებერვალი გაცილებით რთული იყო.
ჩვენ აგრესორ ქვეყანასთან მარტო ვიყავით, მათ არ სჯეროდათ რომ ჩვენი გავუძლებდით დარტყმას. ახლა სიტუაცია სრულიად განსხვავებულია“, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, ბრიტანული დაზვერვისა და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთი დონბასზე ახალი შეტევისთვის ემზადება.