ბურჯანაძის 22 ქულა წლის დასკვნით მატჩში

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 2015 წელი გამარჯვებით დაასრულა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.

მე-15 ტურის შეხვედრაში ლა კორუნიელებმა სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ “ფორსა ლეიდას” 85:82 სძლიეს, ბურჯანაძემ კი 29:23 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ქართველმა ფორვარდმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ სტუმრებს ბოლო 3 ქულა საჯარიმოებით სწორედ ბექამ შესძინა. საბოლოოდ, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 29-ს უწია და გამორიცხული არაა, ქართველი ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის კიდევ ერხელ დაასახელონ.

“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 8 მარცხის წილ მე-7 მოგება (ზედიზედ მე-4) მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-6 ადგილზე აინაცვლა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 3 იანვარს, ისევ სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ “პალენსიასთან” ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button