ბზობას თელავში ბზის გამყიდველი 3000 ლარით დააჯარიმეს
ბზობას, 12 აპრილს, თელავში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 3000 ლარით ბზის გამყიდველი დააჯარიმეს.
50 წლის ივანე დემურაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენიდან არის. როგორც თავად ამბობს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არასრულწლოვან შვილს მარტო ზრდის.
“არ მინდოდა ჩემს შვილს ღამე მშიერს დაეძინა. ვიცი კანონი დაარღვიე, მაგრამ იმ დროს როცა ბზის გასაყიდად წავედი, მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობდი. მარტოხელა მამა ვარ, სახლიც თავზე გვენგრევა, თუმცა ყოველდღიური საფიქრალი საკვების მოპოვებაა”, – განაცხადა ივანე დემურაშვილმა და დაამატა, რომ ისინი სოციალურად დაუცველთათვის განკუთნილ დახმარებას იღებენ.
ბზობას თელავში მცხოვრები 73 წლის მიშა ყარაულაშვილიც დააჯარიმეს, რომელიც ასევე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტებს ყიდიდა. ყარაულაშვილმა, როგორც თავადვე ამბობს, ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ყარაულაშვილს მისთვის უცნობი ადამიანები დაეხმარნენ და 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს.