მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჩაატარებს თუ არა თამარ ჟვანია კვლავ არჩევნებს

საარჩევნო კოდექსის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან დაიწყება. ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პირობებში ჩატარებას ეწინააღმდეგება და ოპონენტებს შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ შეთანხმების დოკუმენტს ახსენებს,სადაც ერთ-ერთ პუნქტად სწორედ საარჩევნო რეფორმაა წარმოდგენილი.

“თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს. არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საოლქო კომისიებში, საუბნო კომისიებში, ყველგან დამატებით, 8 ოპოზიციონერი გვეყოლება, ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება. ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც გაწერილია, შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის.
თუ ეს შესაძლებლობა ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა სრულად გამოვიყენებთ, ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები”,- აცხადებს პარტია ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

განსხვავებულად ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“.პარტიის წევრს ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ დაუსაბუთებელი შეტევა ხორციელდება.

“ხელშეკრულების და შეთანხმების არც ერთ მუხლში საუბარი არ იყო, რომ ის ადამიანები, რომელიც უკვე პროფესიული ნიშნით არიან და მუშაობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებად, მათი როტაცია ან შეცვლა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილ ვადაზე ადრე. ამას დაეთანხმა ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა.

ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, კომისიის თავმჯომარე, გადაწყვეტს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება პიროვნულად თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვფიქრობ, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი”. -თქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი კი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას საკითხი 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული არ იყო, თუმცა მხარეებზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა ამ დისკუსიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button