მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩაცხრილული ბავშვები, ქალები, მოხუცები, დასახიჩრებული გვამები – უმძიმესი სურათი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში

პესკოვმა, სიცრუე უწოდა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ გავრცელებულ ცნობებს

ჩაცხრილული ბავშვები, ქალები, მოხუცები, დასახიჩრებული გვამები – უმძიმესი სურათი უკრაინელებს ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში დახვდათ. რუსი სამხედროებისგან გაწმენდილ ტერიტორიებზე ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წამების არაერთ ადგილს მიაკვლიეს. აღმოჩენილია მასობრივი სამარხიც.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა 3 სარაკეტო და 22 ავიადარტყმა განახორციელეს, შედეგად 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მტრის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. უწყების ცნობით, კრემლმა უკრაინაში განლაგებული ჯარების გასაძლიერებლად, ქალაქ ტამბოვიდან 400 პატიმარიც გაგზავნა.

რუსულმა ძალებმა დილიდან განაახლეს ზაპოროჟიეს დაბომბვაც. ოკუპანტებმა ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ღამით დაიბომბა მიკოლაევი და სუმის ოლქის სოფელი ვოლფინე.

რუსული რაკეტები სამხრეთ უკრაინის ატომური სადგურის ბირთვული რეაქტორებიდან 100 მეტრში აფეთქდა. კიევი მსოფლიოს რეაგირებას სთხოვს, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი ატომური ელექტროსადგურების დაბომბვას არ შეწყვეტს ევროპას არა ცივი, არამედ ბირთვული ზამთარი ელოდება.

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვთან მდინარე ოსკოლის ორივე ნაპირზე კონტროლი დაამყარეს. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, უკრაინელების კონტრშეტევა ხერსონის ოლქში პროგრესს განიცდის, რუსები კი უკან დახევას ცდილობენ. გრძელდება ოკუპანტების თავდასხმებიც.

დროებითი სიმშვიდე არის მზადება უკრაინის ყველა ქალაქის გასათავისუფლებლად – ეს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებია. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი დამპყრობლების მიერ ოკუპირებულ ქალაქებს აუცილებლად დაიბრუნებს.

უკრაინამ ბოლო რამდენიმე კვირაში ფრონტის ხაზზე გარდატეხა მოახდინა. მთავარი მიზეზი დასავლეთის სამხედრო დახმარებაა, რომლითაც კონტრშეტევების წარმატებით განხორციელების საშუალებას იძლევა.
…………..

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, სიცრუე უწოდა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

“ეს არის იგივე სცენარი, როგორიც ბუჩისა იყო. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს არის ტყუილი და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში”, – უპასუხა პესკოვმა შეკითხვას ხარკოვის რეგიონიდან რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგების ახალი მტკიცებულებების შესახებ.

იზიუმში მშვიდობიანი მოქალაქეების შესაძლო წამებისა და დახოცვის შესახებ პირველმა მტკიცებულებებმა თავი იჩინა მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ რუსეთის ოკუპაციისგან გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნაპოვნია სულ მცირე 440 გვამი. ხარკოვის გუბერნატორი ოლეჰ სინეჰუბოვი ამბობს, რომ აღმოჩენილი გვამების 99 პროცენტს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები ეტყობა.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ქალაქ იზიუმში 10 სექტემბერს შევიდნენ და 6-თვიანი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამომძიებლებმა ადგილზე იპოვეს წამების მტკიცებულებები მან თქვა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button