მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩეჩნეთის ლიდერი “უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში” მის სამ შვილს გზავნის

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ტელეგრამის არხით ავრცელებს რუსეთის გმირის, რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის არასრულწლოვანი შვილიშვილების საველე, საბრძოლო მომზადების ამსახველ ვიდეოს და წერს, რომ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყო, „თითქმის მცირე ასაკიდან“. კადიროვის თანახმად, „არასრულწლოვანებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამშობლოს დამცველთა სწავლებას“.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე მათ სხვადასხვა იარაღთან მოპყრობას, ნებისმიერ დისტანციაზე მათ გამოყენებას და თეორიულ საფუძვლებს ასწავლიან. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანი ღვთისმოშიშობის, ოჯახის და სამშობლოს დაცვის ჩანერგვაა. გინდა მშვიდობა – ემზადე ომისთვის. ახმატი, ელი და ადამი მზად არიან თავიანთი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოიყენონ. არ ვხუმრობ. დროა, გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, მე მხოლოდ მივესალმები. მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და შეხების ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან“, – წერს კადიროვი. ის იმ ოპონენტებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, ირწმუნებიან, რომ კადიროვი ნათესავებს ომში არ გზავნის.

„უახლოეს მომავალში გექნებათ საშუალება ბიჭებთან ერთად დაიკავოთ პოზიციები და თავად დარწმუნდეთ. დაამტკიცეთ, რომ ცოტათი მაინც ხართ კაცები“, – წერს კადიროვი.
“ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის, ახმატ კადიროვის შვილიშვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან, თუმცა საბრძოლო მომზადება დიდი ხნის წინ დაიწყეს. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა. ახმატი, ელი და ადამი მზად არიან, საკუთარი უნარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გამოიყენონ, მე არ ვხუმრობ. დადგა დრო, საკუთარი თავი რეალურ ბრძოლაში გამოიჩინონ და მათ სურვილს მე მივესალმები. მალე ისინი გაემგზავრებიან მოწინავე რაზმში და დარჩებიან ბრძოლის წინა ხაზზე,” – დაწერა კადიროვმა “ტელეგრამზე.”
მანამდე რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკაში მობილიზაცია არ იქნება. უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ოპერატიული შტაბის თათბირზე მან მაშინ მიზეზად ის დაასახელა, რომ ჩეჩნეთმა „გეგმა გადაჭარბებით შეასრულა“.

მისივე განცხადებით, უკრაინაში გაგზავნეს იმ ქალების ნათესავები, რომლებმაც გროზნოში ანტისაომარი მიტინგის გამართვა სცადეს.

გროზნოში ქალების აქცია 21 სექტემბერს გაიმართა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ჩეჩენი უფლებადამცველის, იბრაჰიმ იანგულბაევის ინფორმაციით, მიტინგის მსვლელობისას 130 ქალი დააკავეს, მათი ოჯახების წევრ კაცებს კი, იძულებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომ უკრაინაში მოხალისეებად მიდიან.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button