მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის დუმამ უკრაინის ოლქების ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 3 ოქტომბერს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უკრაინის ოლქების – დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქის ნაწილის – რუსეთის მიერ ანექსიის დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირების შემდეგ, დოკუმენტს უნდა დაეთანხმოს ფედერაციის საბჭო და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა.

კენჭისყრას არ ესწრებოდა 41 დეპუტატი. დონეცკის ანექსიას მხარი დაუჭრია 413-მა დეპუტატმა, ლუგანსკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს – 409-მა, ხერსონისას კი – 411-მა.

პრეზიდენტმა პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების გადაწყვეტილება 30 სექტემბერს გამოაცხადა და ხელი მოაწერა მათთან შეთანხმებებს, რომელთა ზოგადი ჩანაწერის მიხედვით, რუსეთის შემადგენლობაში შედიან დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, 2014 წლის ადმინისტრაციულ საზღვრებში, და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები, რომელთა ფარგლები განისაზღვრება მათი შექმნის და რუსეთის შემადგენლობაში მიღების დღეს არსებული საზღვრებით. ნიკოლაევის ოლქის ნაწილი ხერსონის ოლქის შემადგენლობაში შევიდა.

2023 წლის 1 ივნისამდე რეგიონებში ფედერალური ხელისუფლების ქვედანაყოფების შექმნა იგეგმება, ექვსი თვის განმავლობაში კი – საქალაქო და მუნიციპალური ოლქების ჩამოყალიბება. “სეპარატისტებისა ან საოკუპაციო ხელისუფლების მიერ შექმნილი შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ფორმირებების შეყვანა იგეგმება რუსეთის არმიასა და სხვა სახის სამხედრო ძალების შემადგენლობაში”, – იუწყება დუმის ვებსაიტი.

შეთანხმებების მიხედვით, მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებელს, თუ ისინი ერთი თვის განმავლობაში არ განაცხადებენ უარს რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაზე.

კიევმა და დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარვე თქვეს, რომ არცერთ შემთხვევაში არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად კი, ახლა ქვეყნის შემადგენლობაში 89 ფედერალური სუბიექტია. მათ შორისაა 2014 წელს ანექსირებული ყირიმი და სევასტოპოლიც.

ამასთან კრემლმა ვერ ახსნა, რა საზღვრებში მოახდინა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია. ამის თაობაზე ორშაბათს ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვი „კონსულტაციებს გააგრძელებს რეგიონების მოსახლეობასთან“.

ანექსიის შესახებ დოკუმენტებს ვლადიმირ პუტინმა 30 სექტემბერს მოაწერა ხელი. მანამდე მანვე მოაწერა ხელი ამ რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას, იქ მოსკოვის კონტროლით გამართული რეფერენდუმების საფუძველზე.

არც პუტინის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებში, არც მის ბრძანებულებებში, არც რეფერენდუმის შეკითხვებში არ არის აღნიშნული, ეს ტერიტორიები საოკუპაციო ხელმძღვანელობას რა საზღვრების ფარგლებში გამოჰყავს უკრაინის შემადგენლობიდან და ახდენს მათ ანექსიას.

რეფერენდუმებამდე ხერსონის ოლქში რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთს უერთდება რუსეთის ჯარების კონტროლქვეშ მყოფი ნიკოლაევის ოლქის ნაწილი.

ზაპოროჟიეს ოლქის უდიდესი ქალაქი ზაპოროჟიე ომის დაწყებიდან მოკიდებული უკრაინის კონტროლქვეშაა. 24 თებერვალს რუსეთის ჯარების შეჭრამდე მასში რეგიონის მოსახლეობის 43%-ზე მეტი ცხოვრობდა.

შეკითხვაზე, მოსკოვის თვალსაზრისით, არის თუ არა რუსეთის ნაწილი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ის ტერიტორიები, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, პესკოვმა თქვა: „მე ახლა ვერაფერს დავამატებ“. მისი სიტყვებით, საზღვრების თაობაზე არსებობს ცალსახა პასუხი: „ჩვენ განვაგრძობთ თათბირს იმ ხალხთან, ვინც ამ ოლქებში ცხოვრობს“.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს კიევი მიერთებულად მიიჩნევს 2014 წლის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში. ამასთან, დონეცკის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი მას შემდეგ კიევის კონტროლქვეშ რჩება, უკრაინის არმია იქ წარმატებულ კონტრიერიშს აწარმოებს.

კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ კვლავაც ეცდება, რუსეთის კონტროლისგან გაათავისუფლოს ტერიტორიები და არ აღიარებს რეფერენდუმებსა და ანექსიას. 3 ოქტომბრის მდგომარეობით ისინი რუსეთის გარდა არ უღიარებია მსოფლიოს არცერთ ქვეყანას.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button