“ჩემი პირველი ინიციატივა თელავისა და სხვა ქალაქებისათვის თვითმმართველის სტატუსის დაბრუნება იქნება”

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ნიკოლოზ ვარდოშვილი დასახელდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში, პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, 26 სექტემბერს, თბილისში წარადგინა.
ნიკოლოზ ვარდოშვილის განმარტებით,მანდატის მოპოვების შემთხვევაში, მისი პირველი სადეპუტატო ინიციატივა, თელავს შეეხება.
“თუ მოსახლეობა მხარს დამიჭერს, ჩემი პირველი ინიციატივა შეეხება, თელავისა და სხვა ქალაქებისათვის თვითმმართველის სტატუსის დაბრუნებას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ამ ქალაქებს, მავნებლურად ჩამოართვა. გარდა ამისა, ეს არის ბოლო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით და მის დასრულებაში, აუცილებლად უნდა მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ვარდოშვილმა, რადიო ” ჰერეთთან”.
ნიკოლოზ ვარდოშვილი 2003 წლიდან ლეიბორისტული პარტიის წევრია.
2014-2017 წლებში, იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან.
2017 წელს, კენჭს იყრიდა ქალაქ თელავის მერად.
ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ” ქართული ოცნების”, ” ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა” და ” ლელო-საქართველოსთვის” კანდიდატებს გაუწევს კონკურენციას.
საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები, 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.