ჩხვირკვიასა და ღოღობერიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკვიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც დარბაზში პროტესტი მოჰყვა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. მათი ადვოკატები მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკვიას გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, მოსამართლემ მათი დაპატიმრების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურის ინფორმაციით, “2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ხელმძღვანელობდნენ”.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისსაა ჩანიშნული.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button