კრიმინალი

ჩოხიანი გეი ქორწილი – მერაბ მერკვილაძის ბლოგი

 

ორი დღეა, რადიო თბილისის ფეისბუქ-გვერდზე არ წყდება აღშფოთებული მოქალაქეების უკიდურესად შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომლებიც ქართულ ჩოხებში გამოწყობილი გეი-წყვილის ქორწილის ამსახველი ინფორმაციის და ფოტოსესიის გამოქვეყნებას აპროტესტებენ.

ერთი უბედურება განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთა დევნა-შევიწროებაა; მეორე, – მათი უფლებადამცველების გარყვნილ-გათახსირებულებად მონათვლა. ახლა მესამე უბედურებაც დაგვემატა: იმ ჟურნალისტების შეურაცხყოფა და პროპაგანდისტებად მონათვლა, რომლებიც განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანთა ქორწილს აშუქებენ, ფაქტისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენის გარეშე.რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, – მეოთხე გამოწვევაც გამოვლინდა: თურმე, ქართულ ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალს მხოლოდ ჰეტეროსექსუალები უნდა ვატარებდეთ. თუ მას გეი ჩაიცმევს, იგი ქართულ “წმინდა ტრადიციებს” შეურაცხყოფს. უფრო მოკლედ რომ განვმარტოთ, ჩოხიანი გეი ქართველობას გვართმევს.

სიმართლე გითხრათ, ზემოჩამოთვლილი ოთხი პრობლემიდან რომელ ერთზე გავამახვილო ყურადღება, აღარ ვიცი.

ვიღაც მეტყვის, რას აქცევ ყურადღებას მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს, – კლინიკური შემთხვევააო. ვფიქრობ, ერთი ადამიანიც რომ გამოირჩეოდეს ჰომოფობიური შეხედულებებით, მასაც კი უნდა ვესაუბროთ და შეძლებისდაგვარად, საპასუხო არგუმენტები წარვუდგინოთ. ქართული ჰომოფობია კი, სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. მის მიმდევართა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. თანდათან გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც ადამიანთა თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულების გამო იდევნებიან. უკვე მოქალაქეთა ტანისამოსის რევიზიაც კი დაიწყო.

ჩოხიანი გეების წინააღმდეგ გალაშქრებული ხალხის კომენტარებმა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კორეა გამახსენა, სადაც ცოტა ხნის წინ ჯინსებისა და სხვა „დასავლური“ ტანსაცმლის ტარება, ასევე, პირსინგი აიკრძალა. ვფიქრობ, კიმ ჩენ ინის კორეისაკენ ელვის სისწრაფით მივექანებით, რადგან განსხვავებულებისადმი შიში და აგრესია ქართული საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილშია ფესვგამდგარი და ჯერჯერობით, მას ვერანაირი „ევროინტეგრაცია“, „ვიზალიბერალიზაცია“, ლიბერალიზმი თუ მედიაპლურალიზმი ვერ შველის.

მათი კონსტიტუცია ფსევდოპატრიოტების მიერ გამოსროლილი ყალბი ლოზუნგებით საზრდოობს; მათი დიდი ნაწილის რწმენას ეკლესიას შეხიზნული, ქრისტეს ჰუმანურ მოძღვრებას ამოფარებული, ანაფორიანი ჰომოფობების რიტორიკა აყალიბებს; მათ პატრიოტულ სულისკვეთებას რუსეთის მიერ ნაწარმოები, ფარული და ღია, ანტიდასავლური პროპაგანდა განაპირობებს.

ამ სიყალბეში, ცრუპატრიოტიზმში, ზიზღისა და ღვარძლის ღიად თუ ფარულად გაღვივებაში ილახება არა მარტო ჩვენს თანამედროვე მოქალაქეთა ღირსება, არამედ იმ ქართველ მამულიშვილთა ღვაწლიც, რომლებიც პირადი ცხოვრების არატრადიციული წესის მიმდევარნი იყვნენ, მაგრამ უაღრესად დიდი მადლი დატოვეს ქართულ კულტურაში, ხელოვნებაში, მწერლობაში, გნებავთ, პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ასპარეზზე. მათ ვინაობას არ ჩამოვთვლი, მაგრამ იმედია, არავინ შემეკამათება, რომ საქართველოს უძველეს და უახლეს ისტორიას ასეთი ბევრი პიროვნების სახელ-გვარი ამშვენებს. რა ღმერთი უნდა გაწყრომოდათ მათ თანამედროვეებს, რომ რომელიმესთვის ჩოხა-ახალუხის ან ჩიხტი-კოპის ტარება აეკრძალათ?

სხვადასხვა ისტორიული წყაროს ცნობით, ჰომოსექსუალი (ბი) იყო დიდი მხედართმთავარი, თავისი დროის უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი რეფორმატორი ალექსანდრე მაკედონელი, მაგრამ ან ხმალ-ხანჯლს ვისზე ნაკლებად ატარებდა ან ვისზე ნაკლები ვაჟკაცი იყო, ან რა დააკლდა საბერძნეთის ისტორიას მაკედონელის პირადი ცხოვრების გამო? ბერძნობას ართმევდა ბერძნებს?

უკაცრავად, მაგრამ საკუთარ ჩაცმულობას მივხედოთ; საკუთარ საწოლს, საცვლებს; „ქართველობის“ შესანარჩუნებლად კი, პატივი ვცეთ ჩვენგან ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური ნიშნით განსხვავებული ადამიანების მოქალაქეობრივ უფლებებს. ისტორიულადაც ხომ, მუდამ ჭრელი იყო ქართული საზოგადოება და ეს მის სიძლიერეს განაპირობებდა მხოლოდ. სწორედ ეს გვითხრა გეი-წყვილმა, რომელმაც ქართულ ჩოხაში გამოწყობილმა გადაწყვიტა ქორწილის აღნიშვნა. მათ აქვთ ამის უფლება. ჩვენ კი, უფლება გვაქვს, მსგავსი საინტერესო ფაქტი გამოვაქვეყნოთ. რატომ ვაქვეყნებთ, ვის აინტერესებს? ყველაზე მეტად, თქვენ გაინტერესებთ, პატივცემულო აღშფოთებულებო.

 

მერაბ მერკვილაძე

რადიო თბილისის პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მსგავსი პოსტები

Back to top button