მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა მშვიდობით და არა ომით-ლავროვის მიერ ნათქვამი კონკრეტული ქმედებებით უნდა გამყარდეს-ოცნება

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ლავროვის მიერ საჯაროდ ნათქვამი კონკრეტული ქმედებებით უნდა გამყარდეს. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ, მინიმუმ, უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა და მსჯელობის საგანი დეოკუპაცია და ჯარების გაყვანა გახდეს.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და შერიგებისთვის მათი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია.

სერგეი ლავროვის გზავნილი და ადრესატების პასუხი ოპოზიციისთვის მორიგი კრიტიკის მიზეზი გახდა. მათი ნაწილი თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების საშუალებით უნდა განხორციელდეს. მეორე ნაწილი ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შერიგების ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი სამხედროების დადანაშაულების საფრთხე მოიხსნა. “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ ამ პროცესში რუსეთის პოზიციაც საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული.

,,მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს,,-ლავროვი

საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით სერგეი ლავროვმა განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი მზად არის მხარეებს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს.

ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ვოლსკის თქმით, ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება.
„რასაკვირველია, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიული პოზიციების დაკავება უნდოდა და დაიკავა კიდეც, რასაც გინდათ, მოღალატეობრივი შეცდომა დავარქვათ და გინდათ, მიზანმიმართული, მავნებლური საქმიანობა. მან ცისფერი ჩაფხუტი მოიხადა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტროლის ქვეშ იყო და ხაკისფერი დაიხურა – ეს რუსეთია. ოკუპაცია ისე გააფორმეს, რომ ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ ცნო. რასაკვირველია, მისი ინტერესი ამ ტერიტორიების და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა. ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობდა, კიდევ არ არის დავიწყებული. ეს გარკვეულწილად რბილი ძალაა, მაგრამ ამას ჩვენი კუთხიდან, ჩვენი რაკურსით და გადმოსახედით უნდა შევხედოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს.
ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მით უმეტეს, ადრე თუ გვიან, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს. ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება. მსოფლიოში ასეთი ფორმულის გარეშე გამოცდილება არ არსებობს, თუ არა სხვა გამოცდილება, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გააკეთა განცხადება.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას აფხაზ და ოს ხალხთან შერიგების მიზნით.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე. პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლის გადადგმაც მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს შერიგება, ურთიერთ პატიება. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ და ერთად ვიცხოვროთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაანალიზოთ. შეცდომები ჩვენც გვაქვს დაშვებული და გვინდა, რომ ამ ურთიერთ შერიგებისთვის გადავდგათ ნაბიჯები. მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ჩვენ ამის მიღწევა გვინდა მშვიდობით და არა ომით, ბოროტებით, როგორც ეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოუდგენია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება არის პოზიტიური, თუმცა, ამას უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის, დეოკუპაცია.
„რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას დედაქალაქის მერის მისამართით, თითქოს ის მიესალმება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის სიბინძურე და სპეკულაცია. მისივე თქმით, ამ პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო მზადაა მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
„სიბინძურეა ეს განცხადება და სპეკულაციების ნაწილია. ასეთი გამოხმაურება მოჰყვა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც. ეს არის ბოროტი ძალა, რომლებმაც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაკარგეს. ჩვენ დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მივიღეთ უამრავი დევნილი. ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულაციებშია, სწორედ მათ მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელი. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას. ხალხი მათ შესაბამის ადგილს 26 ოქტომბერს მიუჩენს და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. ასევე, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი გამოძიება, თუ რა მოხდა 2008 წელს, ვისი დავალებით მოხდა, ან ვინ მოაწერა ხელი მოღალატეობრივ ქმედებას. საქართველო მზადაა, რომ მოახდინოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ მშვიდობიანად გვსურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის შეფასებით, მაშინ იქნება რუსეთის მიერ გაკეთებული თუ პრაქტიკული ნაბიჯები მოჰყვება.
“თუ რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადება გახდება პრაქტიკული, ანუ გადადგამს რუსეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს ჩაურევლობასთან დაკავშირებით, ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და, ამავდროულად, მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ზოგადად საქართველოდან ჯარების გაყვანას, ჩვენ დავრწმუნდებით მათ მიერ გაკეთებული განცხადების ხარისხიანობაში.
რადგან ჩვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიუღებელი ოპოზიციისთვის, კიდევ ერთხელ რწმუნდება საზოგადოება, რომ ოპოზიციას არ სურს დეოკუპაციის პროცესი მშვიდობიანად, არამედ სურს მათ მიერვე დაანონსებული ომი და სამხედრო კონფლიქტი ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ჩვენი მხრიდან ლავროვის განცხადება ცალსახად დადებითად შესაფასებელია, ამას მხოლოდ განცხადების ჭრილში ვამბობ, რადგან ეს ერთი პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყოლოდა, მაგალითად, ჩვენი დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან მათი ჯარების გაყვანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს“.
მისი თქმით, თითოეული განცხადება, რომელიც პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება, მისასალმებელია.
„როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, თუნდაც მსჯელობა იყოს ამ პროცესზე, სამოქმედო გეგმა, თუ როგორ ფიქრობენ ამ პროცესს. რაც შეეხება ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყებას, დამერწმუნეთ, ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია ე.წ. მთავრობიდან და უწყებიდან რა განცხადება გაკეთდება. არ მგონია, რომ აფხაზ და ოს დებსა და ძმებში ამ ე.წ მთავრობას ლეგიტიმაცია საერთოდ ჰქონდეს. თითოეულ განცხადებას, რომელიც ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მოემსახურება, მივესალმებით. ჩვენ ამ ტერიტორიებს მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ. თუ რუსეთი ამ სიტუაციას ხელს არ შეუშლის, განცხადების დონეზე ეს უმნიშვნელოვანესი განცხადებაა“, – განაცხადა კირცხალიამ.

“ივანიშვილი აგებს არჩევნებს, მის გვერდით არის ლავროვი, რომელიც ისეთივე დამაჯერებელია საქართველოსთვის, როგორც იქნებოდა შაჰ-აბასი”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.
ლავროვის განცხადება მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – მორიგ ჯერზე შეიყვანოს შეცდომაში ქართველი ერი და ამის მიზანი თავის მხრივ არის ბიძინა ივანიშვილისთვის მხარდაჭერის გაზრდა. ლავროვი ისეთივე დამაჯერებელია საქართველოსთვის, როგორიც იქნებოდა შაჰ-აბასი. აბსოლუტურად უმნიშვნელოა, რას ამბობს ის, და ბიძინა ივანიშვილს ვერც ეს და ვერც სხვა რამ ვერ უშველის. ბიძინა ივანიშვილი აგებს არჩევნებს, მის გვერდით არის ლავროვი, კახა კალაძეზე კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ ვისთან არის, მიხედოს თავის საბანკო ანგარიშებს, რასაც აკეთებს კიდეც, როგორც გავიგე. საქართველოში გადაწყვეტილება მიღებულია – რუსული მთავრობა უნდა წავიდეს. ლავროვის დაპირებები არც ერთ თემაზე არც სანდო არ არის და არც ჩვენთვის საინტერესო, – ამბობს ნიკა გვარამია.

ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ლავროვს, პუტინს, რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ, რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში ქართველების შეურაცხყოფა იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „რუსეთი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს“.
„ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე რაღაცნაირი პასუხია. თუ ადრე, პირველ ჯერზე, ეს ფლირტი მთლად უპასუხოდ მიაგდეს, ამ შემთხვევაში, ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს. ეს „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ რამდენად მომგებიანი იქნება, წარმოდგენა არ მაქვს, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ ეს დაპირებაც დაახლოებით ისეთია – გარეჯი რომ საქართველო იყო, რომ იბრუნებდნენ, ქრისტიანობას რომ სახელმწიფო რელიგიად აცხადებენ და ა.შ. მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ რუსეთს, ლავროვს, პუტინს და ა.შ. რომ მათი გაცემული დახმარების არ დავიჯეროთ, რადგან თუნდაც ამ დახმარების დაპირებაში ქართველების შეურაცხყოფა იყო. თუნდაც ის, რომ ისინი სამი სახელმწიფოს კეთილმეზობლურ ურთიერთობაში მზადყოფნას აცხადებენ. ვფიქრობ, ყველა მესიჯბოქსი, რასაც ისინი ჩვენ მიმართ საუბრობენ, შეურაცხმყოფელია საქართველოს მოსახლეობისთვის და არ შეიძლება, ის იყოს ნორმალურ საზოგადოებაში ელექტორალურად მომგებიანი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები კეთდება – კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანების გზით არის შესაძლებელი.
“ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ თანამოქალაქეებს ექნებათ ყველანაირი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ის ძალიან რთული პროცესი, რასაც ჰქვია მშვიდობიანი გზით ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან სანიკიძე კი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.

“რუსეთი და “ქართული ოცნება” ცდილობენ, რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები. იმის ნაცვლად, რომ საქართველო იძენდეს მეგობრებს, ახალ ეტაპზე გადაჰყავდეს საკუთარი ურთიერთობა ჩვენს დასავლელ მეგობრებთან, მუშაობდეს ევროკავშირის წევრობაზე და მოლაპარაკების ფაზის გახსნაზე, ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ამის საპირისპიროდ ქვეყანას ტოვებენ იზოლაციაში, მეგობარს გვიცხადებენ მტრად, მტერს გვიცხადებენ ბატონად,” – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

2024 წლის 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საზოგადოება გამოძებნის ძალას, რათა ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები

Back to top button