UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ
UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
კობახიძის თქმით, სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება.
„ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში უპრეცედენტო წარმატებას აღწევენ, რის ბოლო მაგალითიც მერაბ დვალიშვილის მიერ UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოგება იყო.
დღეს UFC-ის მოქმედი რვა ჩემპიონიდან ორი ქართველია, რაც ქართველების მებრძოლ სულს საუკეთესოდ წარმოაჩენს. ამგვარი შედეგი, 4-მილიონიან საქართველოსთან ერთად, მხოლოდ 200-მილიონიან ბრაზილიას აქვს, რაც თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანია. ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა აჩვენეს ქართველი კაცის 3000 წლის მანძილზე გამოწრთობილი მებრძოლი ხასიათი და ამით ყველას შეგვახსენეს, რომ სადაც ღირსებით ვიბრძოლებთ, ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს.
სპორტულ წარმატებას და ქვეყნისთვის მოპოვებულ გამარჯვებას სათანადო დაფასება ჭირდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით.
მერაბ დვალიშვილს და ილია თოფურიას კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ. ილია თოფურიას ვუსურვებთ UFC-ის ქამრის დაცვას 26 ოქტომბერს. 26 ჩვენი დღეა და გვჯერა, რომ 26 ოქტომბერს ილია კიდევ ერთ გამარჯვებას გვაჩუქებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას მოახმარს.
მისი განმარტებით, ამ საჩუქარს არ ელოდა და დიდი მადლობელია.
“რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. იცით, რომ ჩვენ პროფესიონალი სპორტსმენები ვართ და არ ვართ სახელმწიფო ბალანსზე და დამოუკიდებლად მივაღწიეთ ამ ყველაფერს. არც მოლოდინი მქონდა. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
15 სექტემბერს 33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა ლას- ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა.
2024 წლის UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი (ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში) ილია თოფურია გახდა. 18 თებერვალს 27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდა UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს, ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მეორე რაუნდში იგი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.