მნიშვნელოვანისიახლეები

ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწიოს-კალაძე

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტია, რაზეც საარჩევნო პროგრამის ფარგლებშიც მისაუბრია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწიოს. როდესაც 2017 წელს ქალაქის მთავრობაში მოვედით, 820 მლნ-დან ავედით მილიარდ 200 მლნ-ზე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რადგან გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და უფრო მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button