Covid-19-ით ინფიცირებული ვეჯინის მაცხოვრებელი გოგონა მცხეთაში მკურნალობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული გოგონას მხოლოდ ერთი კონტაქტი გამოიკვეთა.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო ჰერეთს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაუდასტურეს.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 22 წლის გოგონა კახეთში, მხოლოდ ბებიასთან იმყოფებოდა.
„67 წლის ბებია ცხოვრობს ოჯახისგან ცალკე. გოგონას მხოლოდ მასთან ჰქონდა კონტაქტი. იყო ბანკშიც, მაგრამ კონტაქტს სხვა განსაზღვრება აქვს. ის სტუდენტია, რამდენიმე კონტაქტია გამოკვეთილი თბილისში, მაგრამ ეს კახეთს ვერ ჩაეთვლება. დედას და მამას ვირუსი არ დაუდასტურდათ, ბებიის ანალიზის პასუხი კი საღამოს იქნება ცნობილი. თავად პაციენტი მკურნალობს მცხეთის საავადმყოფოში და თავს გრძნობს კარგად, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან, მხოლოდ გემოს დაკარგვა აღენიშნებოდა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა რადიო ჰერეთთან.
შეგახსენებთ, სოფელ ვეჯინში მცხოვრებ გოგონას კორონა ვირუსი 11 აგვისტოს დაუდასტურდა. ვირუსზე კვლევა ახალგაზრდას მისი ძმის, ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლის ინფიცირების შემდეგ ჩაუტარეს.