მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 მსოფლიოში

შეერთებულ შტატებში ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ათასით მატულობს. დრამატულად იზრდება პაციენტთა რიცხვი პოლიციელებსა და სამხედროებში. კორონავირუსი უკვე 2 ათას 800-ზე მეტ ჯარისკაცს დაუდგინდა. ქვეყანაში ვირუსით 37 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულთა რიცხვი კი, 710 ათასს გასცდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, შტატები შეზღუდვების თანდათანობით მოხსნას იწყებს.

შეერთებული შტატების ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილში, ნიუ-იორკში გადაღებულ კადრებში იმ ათეულობით პაციენტის ცხედარი ჩანს, რომელთა გადარჩენაც მედიკოსებმა არასაკმარისი რესურსის გამო ვეღარ შეძლეს. ნიუ-იორკში კარანტინი 15 მაისამდე გახანგრძლივდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა ორივე ქვეყანაში იკლებს ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. პანდემიის გამო, შეზღუდვების ხანგრძლივობა სამი კვირით გახანგრძლივდა დიდ ბრიტანეთში. გამკაცრებული ზომების შემსუბუქებას არ ჩქარობს გერმანიაც.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგანგებო ზომებია მიღებული უკრაინაში. ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის ტაძრებში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა აკრძალულია. ქვეყანაში კორონავირუსით 5 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული.

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩაივლის საბერძნეთშიც. კორონავირუსის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მრევლისთვის ეკლესიები დაიხურა. მსახურებას დახურულ ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან.

სააღდგომო წირვა ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საბერძნეთში კორონავირუსის 2 207 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით 105 ადამიანი დაიღუპა.

იმედისმომცემია იმ პაციენტების შედეგები, რომლებმაც მკურნალობა “გილეადის” პრეპარატ “რემდესივირით” გაიარეს. ინფიცირებულების უმეტესობამ, რომლებმაც შესაბამის კლინიკურ ცდებში მიიღეს მონაწილეობა, საავადმყოფოები რამდენიმე დღეში დატოვეს.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით 2 258 516 ადამიანია ინფიცირებული. 154 371 გარდაიცვალა. 575 298 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button