ცქიტიშვილი “ბრექსის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და აზიურ კალათბურთში ფეხმოკიდებული ნიკოლოზ ცქიტიშვილი კარიერას იაპონიაში აგრძელებს, სადაც უმაღლესი ლიგის გუნდ „ტოჩიგი ბრექსის“ ღირსებას იცავს.
ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “აიშინ სი ჰორსს” 75:70 სძლია და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.
ქართველი კალათბურთელი ტოჩიგელთა სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ცქიტიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ბრექსს” ტრადიციულად ამერიკელი რაიან როსიტერი ლიდერობდა, რომელმაც 38 წუთში 28 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
ქართველი ფორვარდის კლუბს მომდევნო მატჩი ისევ “აიშინ სი ჰორსის” წინააღმდეგ ელის.