Daily Mail: ახალი ბრალდებები ბლატერს ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორებს, პლატინის – წლობით

გამოცემა Daily Mail ფიფას ერთერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტში ისეთი ახალი ბრალდებები აქვთ, რომლებსაც შეუძლია იოზეფ ბლატერი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს, ხოლო უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი – წლობით.

“ეს ყველაფერი იმაზე სერიოზულია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. რეალობა ისეთია, რომ შესაძლოა საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს უკავშირდებოდეს”, – ამბობს ფიფას წარმომადგენელი.

ბლატერი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ქონების უკანონოდ მითვისებაშია ეჭვმიტანილი. საქმე 2005 წლის 12 სექტემბრის გარიგებას ეხება – მაშინ ბლატერმა კარიბის ფეხბურთის კავშირთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ფიფასთვის წამგებიანი იყო. პროკურატურის აზრით, შეთანხმების გაფორმების დროს ბლატერი განზრახ მოქმედებდა ფიფას ინტერესთა საწინააღმდეგოდ.

ამასთან, ბლატერი ეჭვმიტანილია უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისთვის 2 მლნ შვეიცარიული ფრანკის უკანონოდ გადარიცხვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button