მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“დაიცავი ის, რაც საერთოა” — აქცია აჭარის ტელევიზიასთან

“დაიცავი ის, რაც საერთოა.” ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ აჭარის ტელევიზიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები.

“ჩვენ გვინდოდა მაუწყებლის შენობის წინ შევკრებილიყავით იმ ადამიანებთან ერთად, რომელთათვისაც ეს იდეა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, არის ისეთივე ღირებული, როგორიც ჩვენთვის, მაუწყებლის თანამშრომლებისთვის და ყოფილი თანამშრომლებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და პირველ რიგში, ამ აქციის მიზანია ფსიქოლოგიურად გავმხნევდეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ.” — თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები აქციის მიმდინარეობას შენობის აივნიდან უყურებდნენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კრიტიკული პოზიციის გამო, მაუწყებელში თანამშრომლებისა და პროფკავშირების წევრების დევნა გრძელდება. მათი თქმით, ხშირად, მენეჯმენტის პოლიტიკასთან შეუგუებლობა სამსახურის დაკარგვის ტოლფასია. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფალი სივრცე სჭირდება როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოებას.

წყარო: On.ge

მსგავსი პოსტები

Back to top button