დაკავება გამოძალვისთვის – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 3 პირი

შსს-მ გამოძალვისთვის სამი პირი დააკავა. ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია  წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავება ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს.

“ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. „ქურდულ საერთოში“ უნდა შესულიყო,” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შსს მუქარის ამსახველი სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერებსაც აქვეყნებს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button