ინტერნეტ-ტელევიზია “არილიTV” თანამშრომლებმა დატოვეს

ახლადდაფუძნებული ინტერნეტ-ტელევიზია “არილი TV” ახალი ამბების 8 თანამშრომელმა დატოვა. ჟურნალისტებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს, მიზეზად ტელეკომპანიის მფლობელების მხრიდან ზეწოლას ასახელებენ.
“დღეს, არილი TV-ს საინფორმაციო ჯგუფმა, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ სააგენტო.
ამის მიზეზი გახდა, ერთ-ერთი დამფუძნებლის (დამფინანსებლის) მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევა და თანამშრომლებთან შეუსაბამო დამოკიდებულება.
კონკრეტულად-დამფინანსებლის მხრიდან იყო მუქარის მცდელობა და საუბარი იმაზე, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ამის მიზეზი გახდა მისი ეჭვი, იმის შესახებ რომ თანამშრომლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სხვა დამფინანსებლის მოსაძებნად.
მას შემდეგ რაც ჩვენ მოვითხოვეთ ახსნა-განმარტება მიყურადების საკითხთან დაკავშირებით, მივიღეთ პასუხი რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია და მათ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს პირად საუბრებზე. აღნიშნული პირის ვინაობას არ ამხელენ. საკითხს კი მისცეს ხუმრობის ინტერპრეტაცია.
ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ გავიაროთ კონსულტაციები იურისტებთან, იმისთვის რომ ვიცოდეთ რა ბერკეტი გვაქვს და როგორ უნდა ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებასთან. მიგვაჩნია რომ დაირღვა ჩვენი უფლებები და განხორციელდა უხეში ზეწოლა მედიაზე. სააგენტოს სარედაქცი ჯგუფის სახელით ვაცხადებთ, რომ დღეიდან, არილი TV-ს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალაზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას” – ნათქვამია განცხადებაში.
ჯერ-ჯერობით “არილი ტვ”-ს დამფუძნებლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ორი “არილი ტვ” არსებობს:
2017 წლის 23 იანვარის მონაცემებით, შპს “არილი ტვ”-ს დამფუძნებლები არიან: თამარ და თეონა გაბრიჭიძეები, თამაზ ჭუმბაშვილი, თორნიკე მჭედლიძე და ზურაბ მარღანია.
კომპანიის ორი დირექტორი ჰყავს: თორნიკე მჭედლიძე და გიორგი მამულაშვილი.
რეესტრის 29 მარტის, 2016 წლის მონამცემით, კი კიდევ ერთი, შპს “არილი ნიუს ტივი”-ა რეგისტრირებული, რომლის დირექტორი და დამფუძნებელი ასევე თორნიკე მჭედლიძეა, მასთან ერთად დამფუძნებლები არიან: ზურაბ ცოფურიშვილი და ზურაბ მარღანია.