ლიბანში ბეირუთის პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ, სასამართლოზე დაყრდნობით, ლიბანის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება. გამომძიებლები 20-მდე პირის დაკითხვას განაგრძობენ. მათ შორის პორტის და საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელები არიან.
ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს, საღამოს მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 149 ადამიანი და 5 ათასამდე დაშავდა. პორტის გარდა, აფეთქებამ დაანგრია ან დააზიანა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობები. უსახლ-კაროდ დარჩა 250 ათასამდე ადამიანი. ბეირუთში, 2 კვირით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აფეთქების მიზეზად, ლიბანის ხელისუფლება პორტის ერთ-ერთ საცავში წლების წინ მოთავსებული ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევას მიიჩნევს. არსებული ინფორმაციით, ეს ტვირთი 2013 წელს, ბათუმის პორტიდან მოზამბიკისკენ მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს, Rhosus-ს, რომელიც ბეირუთის პორტში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა. გემი დააკავეს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი, ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. გამოძიების ვერსიით, აფეთქება საცავში შედუღების სამუშაოების მიმდინარეობის დროს მოხდა.
მედიასაშუალებები, Rhosus-ის მფლობელად, რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს ასახელებენ, რომელმაც ლიბანში დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.
Reuters-ის ინფორმაციით, 6 აგვისტოს კვიპროსის პოლიციამ გემის სავარაუდო მფლობელი დაკითხა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.
კვიპროსის პოლიცია ჯერჯერობით არც იმას ამბობს, რა სტატუსი აქვს დაკითხულ პირს.