დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთის კიდევ ერთი ქალაქი ანთაქია მიწისძვრამ თითქმის სრულიად გაანადგურა. ახლა მაშველები ადამიანებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. თურქმა სამართალდამცველებმა ცხედრის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ გაიგეს, რომ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე შეეწირა.
საქართველოს მოქალაქის ნაზი ზარანდიას გარდაცვალების ამბავი მის შვილს სტამბულიდან სენაკში იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ნაზი ზარანდია მუშაობდა. ცხედარი ახლა თურქეთში, პროზექტურაშია დასვენებული. ქალის 12 წლიან ემიგრაციას მეზობლები იხსენებენ.
საქართველოს მოქალაქე მეორე ქალი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი უდასტურებს. ახლა ნანგრევებში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც ეძებენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საელჩოსა და საკონსულოს.
სტიქიასთან ბრძოლის პროცესში რამდენიმე საათში 60 ქართველი მაშველიც ჩაერთვება. ხალხის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში მონაწილეობას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ. თურქეთში მაშველებთან ერთად შესაბამისი ტექნიკა დღის პირველ ნახევარში გაგზავნეს.
ქალაქში პანიკაა. შეშინებული ხალხის ნაწილი ქალაქგარეთ გარბის, გადარჩენილთა მეორე ნაწილი კი თავს ქარხნებს, საწყობებსა და ფაბრიკებს აფარებს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარაშთან ახლოს იყო.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 100-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მათ შორის 8 მათგანის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 1 498-მდეა გაზრდილი, ხოლო სირიაში, ამ დროის მონაცემებით, 810 ადამიანია დაღუპული.
ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
ამასთან, მზარდია დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.
თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება – მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შემობიდან მოუწევთ.
ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მიწისძვრა ყველაზე დიდი კატასტროფა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ.
ცნობისათვის, 1939 წელს თურქეთის ერზინჯანის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას, სავარაუდოდ, 33 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.