საქართველოსს მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადეს

მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა.
მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.
“ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს – საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, – თქვა მოსამართლემ. ამას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.
მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა, ადვოკატებმა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
“ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!” – ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი პატიმრობაში დატოვების შესახებ.
“მე ვერაფერი გამტეხავს!
ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!
ყველა ძალის გაერთიანების დროა!
ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!”- წერს სააკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა.
სასამართლოს ეზოში შეკრებილები სკანდირებენ შემდეგ სიტყვებს: “მონებო”, “მკვლელებო”.
აქციიის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქვთ გაშლილი და აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო არის მიკერძოებული და ხელისუფლების მიერ მართული.
სასამართლოს ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.