საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
თურქეთში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმართულებით გადამზადებული 60 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით.
“თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან – 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.
ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს”, – წერია განცხადებაში
დღეს, 6 თებერვალს, თურქეთში გამთენიისას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ – 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი. დანგრეულია 2800-ზე მეტი შენობა.
გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა 40-ზე მეტი ბიძგი, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო, შუადღის შემდეგ კი, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი – 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ანთაქიაში დაიღუპა საქართველოს მოქალაქე.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
თურქეთის საელჩო საქართველოს სამაშველო ღონისძიებებში დახმარებისთვის მადლობას უხდის.
“მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს, რომელიც, ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად,” – წერია საქართველოში თურქეთის საელჩოს გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
შეგახსენებთ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. გამოცხადდა “მე-4 დონის განგაში”, რომელიც საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.