დანიის ზოოპარკმა მსურველები ლომის საჯარო გაკვეთაზე მიიწვია [Video]
15 ოქტომბერს, ოდენსეს (დანია) ზოოპარკი ყველა მსურველს ლომის საჯარო გაკვეთაზე ეპატიჟება, – წერენ ზოოპარკის საიტზე.
„ცხოველის გაკვეთის დროს, მისი გულის, ფილტვებისა და შინაგანი ორგანოების დემონსტრირებას მოვახდენთ, რაც ორგანიზმის შინაგანი აგებულების გაცნობაში დაგეხმარებათ“, – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
დანიური გამოცემა „The Local“-ის ინფორმაციით, ლომი, რამდენიმე თვის წინ, სამუდამოდ დააძინეს იმის გამო, რომ ზოოპარკის პოპულაცია ძალიან გაიზარდა. ამ ხნის მანძილზე, ცხოველის გვამი საყინულეში ინახებოდა.
ზოოლოგები აღნიშნავენ, რომ გაკვეთა საგანმანათლებლო მიზნებისთვის ჩატარდება და ისინი საზოგადოებისგან ნეგატიურ რეაქციას არ ელიან.
„ჩვენი მიზანია, დაგანახოთ, რაოდენ საოცარია ლომი“, – განაცხადა ზოოლოგმა – მიჰაელ სერენსენმა.
აღსანიშნავია, რომ დანიის ზოოპარკებში ცხოველთა საჯარო აუტოფსია საკმაოდ ხშირი მოვლენაა.