ზუგდიდის საკრებულომ ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო

ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს,წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დატოვა. ამის შესახებ თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის “სპეცოპერაცია” იყო და დღეს ეს ყველაფერი “აბსურდის სცენარია”.
სხდომის დატოვებისას მაია კალანდიამ მირანდა მესხს ქურდი უწოდა. თავის მხრივ, მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ ის ამ სიტყვებს ვერ მიიღებს.
“მე თან მაქვს წამოღებული ოქმები, კომისიის გადაწყვეტილებები. შეგიძლიათ ნახოთ, რომ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია”, – განმარტა მესხმა.
საკრებულოში სამი პარტიაა წარმოდგენილი. 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 მმართველ პარტიას, 3 კი “გახარია-საქართველოსთვის”.