მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს-პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს.

“დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად.

დასავლეთი აგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დომინანტობის შენარჩუნების მცდელობის შედეგად, მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დსთ-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

ვიდეომიმართვას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„მსოფლიოში კონფლიქტური პოტენციალი იზრდება და ეს არის დასავლეთის ზოგიერთი ელიტის მიერ თავიანთი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და იდეოლოგიური დომინანტობის ნებისმიერი საშუალებებით შენარჩუნების მცდელობის პირდაპირი შედეგი. ისინი გაცნობიერებულად მიდიან ქაოსის გამრავლებასა და საერთაშორისო სიტუაციის გამწვავებაზე. აშშ და მათი სატელიტები ფსონს დებენ ძალისმიერ ფაქტორზე. ამით, ფაქტობრივად, დაანგრიეს სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, აგრესიულად აფართოებენ ნატო-ს ექსპანსიის გეოგრაფიას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, ამგვარი ქმედებების შედეგია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფება ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში მონაწილეობს. სამიტი დღეს დილით გაიხსნა.

ამ გაერთიანების წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ბიშკეკის სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ბუნებრივი გაზის საერთო ბაზრის შექმნა.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button