მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს მთელი ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დონეცკსა და ლუგანსკში, იტყობინება უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბი 9 დეკემბერს.
უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება- დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკში აფეთქებების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ამ დროს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ემზადება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 275 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტის გადასაცემად. ის შეიცავს ახალ ტექნიკურ შესაძლებლობებს დრონების გასანადგურებლად და საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

უკრაინის ძალებმა მოიგერიეს ათობით თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბილოგორიივკის რაიონში ლუგანსკში, ისევე როგორც კლიშჩიივკასა და მარინკაში დონეცკის რეგიონში, ნათქვამია გენერალური შტაბის ყოველდღიურ ინფორმაციაში. “გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა ხუთი სარაკეტო და სამი საჰაერო დარტყმა, ასევე 54 ზალპური გასროლა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან”, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავაც ემუქრება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ისედაც მძიმედ დაზიანებულ სისტემას ზამთრის მოსვლასთან ერთად.

ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონეცკის ქალაქებთან – ბახმუტსა და ავდიევკასთან – გაგრძელდა, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ სატელევიზიო ინტერვიუში. არტილერიამ დაარტყა ქალაქ ტორეცკს, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა 12 შენობა, განაცხადა კირილენკომ. “მთელი ფრონტის ხაზი იბომბება”, განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსები ასევე ცდილობდნენ წინსვლას ლიმანთან, რომელიც უკრაინულმა ძალებმა გასულ თვეში დაიბრუნეს.

ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, იური სობოლევსკის თქმით, ახლახან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში, ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კვლავ მიიტანა იერიში რუსეთის არმიამ, იტყობინება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.

4 ადამიანი დაშავდა რუსული თავდასხმების შედეგად ხარკოვში, რაკეტა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 55 ჭურვი ისროლეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებების მიმართულებით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში მდებარე საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე.

კომპანია ენერგო ატომის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე, გრადის ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები განათავსეს.

მიკოლაევის ოლქის განთავისუფლებულ დასახლებაში, ნოვო პეტრივკაში რუსული სამხედროების მიერ მოკლული 3 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უკრაინის შს მინისტრის მოადგილის, მერი აკოპიანის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება.

“ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%, შედარებისთვის, ოთხი შვეიცარია.

ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ყველა ამ ტერიტორიის გაწმენდას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებისთვის ეს საკმარისი არ არის.” – განაცხადა აკოპიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიების განაღმვისთვის, 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. უკრაინის დახმარებას გეგმავს იაპონია და კამბოჯაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button