მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება

უკრაინის ელჩი საფრანგეთში, ვადიმ ომელჩენკო აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის 321 ტანკის მიწოდებაზე დათანხმდნენ.

“დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე”, – განაცხადა დიპლომატმა.

ომელჩენკოს თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

“ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები კი ლოგისტიკის საკითხებს აგვარებენ ან სხვა მოდელების მიღებას ელოდებიან”, – თქვა უკრაინის ელჩმა საფრანგეთში.

22 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის Leclerc-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებას.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობა ოფიციალურად დათანხმდა უკრაინისთვის 14 ერთეული Leopard 2-ის ტანკების გადაცემას. იმავე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 31 Abrams-ის ტანკს აწვდის. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ გაავრცელა ინფორმაცია, უკრაინაში სხვადასხვა რაოდენობის თანამედროვე ტანკების გადაცემის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას 300-500 ტანკი სჭირდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მადლიერია ტანკებისთვის, მაგრამ რეალურ შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც ტექნიკა ბრძოლის ველზე დაიწყებს მუშაობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button