უკრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება

უკრაინა პარტნიორებისგან 24 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავის მიღებას ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა, იური იგნატმა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, პრიორიტეტი ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლების მიღებაა, თუმცა განიხილება ფრანგული Rafale-სა და შვედური Gripen-ის ვარიანტებიც.
იური იგნატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ შეძლებს ბრძოლის ველზე ამ საბრძოლო თვითმფრინავებზე იმედის დამყარებას ორი მიზეზის გამო – პირველი არის რთული პოლიტიკური მოლაპარაკებები მიწოდებასთან დაკავშირებით და მეორე არის ის, რომ მფრინავების და სახმელეთო მხარდაჭერის ჯგუფების მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ტანკების გაგზავნის შესახებ შეთანხმების შემდეგ, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.
გარდა ამისა გერმანია ეხმარება კიევს, რომ ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა გერმანიის პოლიტიკურ კურსზე რუსეთთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
როგორც ოლაფ შოლცი აღნიშნავს, ითვალისწინებს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე გერმანიის უსაფრთხოების საკითხსაც.
„ჩვენი მიზანი მკაფიოა – რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს საზღვრების გაფართოება ძალის გამოყენებით“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, გერმანელებს სურთ მშვიდობა ევროპაში, რომ ომი მათ არ მიუახლოვდეთ.
როგორც გერმანიის კანცლერი განმარტავს, გერმანიის საგარეოპოლიტიკური კურსი სამი პრინციპისგან შედგება – უკრაინის ჰუმანირატული, ფინანსური და სამხედრო -ტექნიკური მხარდაჭერისგან; კონფლიქტის ესკალაციისა და მისი რუსეთსა და ნატო-ს შორის ომში გადაზრდის აღკვეთა; აშშ-ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ყველა ქმედებაში მჭიდრო კოორდინაცია.
როგორც კანცლერი აღნიშნავს, უკრაინაში ომის დაწყებიდან, გერმანიის ხელისუფლება მოზომილ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ყოველთვის თანხმდება საერთაშორისო დონეზე.
ამასთან ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირისგან უპირობო მხარდაჭერა აქვს და მან რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა გაიმარჯვოს.
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ყოველგვარი „თუ“-ს და „მაგრამ“-ის გარეშე. უკრაინა იბრძვის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, იბრძვის საერთაშორისო სამართლისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის და ამიტომაც უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მომავალ კვირაში, 3 თებერვალს, კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტის გამართვა იგეგმება.