ოკუპანტები ქალაქ ვუჰლედარში შეჭრას ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ვუჰლედარში შეჭრას ცდილობენ.
ჩერევატი ამბობს, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ვუჰლედარის მიმართულებით 300-მდე დარტყმა განახორციელეს, მაგრამ მისი თქმით, ყოველი შეტევა წარუმატებელი იყო. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ 108 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.
უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერის განცხადებით, რუს ოკუპანტებს სურთ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვა და გადავიდნენ პოკროვსკისა და დობროპოლიეს მიდამოებში. ჩერევატის თქმით, რუსული ძალების მიზანი ბახმუტის მიმართულებით, დონეცკის რეგიონის ხელში ჩაგდებაა.
უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები ბახმუტის, ვუჰლედარისა და დონბასის 10 სხვა დასახლებულ პუნქტში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება ფრონტზე, ბახმუტთან და ვუჰლედართან უკიდურესად მძიმე რჩება.
მისივე თქმით დონეცკის ოლქის უგლედარის მიდამოებში რუსი სამხედროები ძალების კონცენტრირებას და უკრაინელი მებრძოლების თავდაცვით პოზიციებზე მასიური დარტყმების მიყენებას ცდილობენ,
მან აღნიშნა, რომ უგლედარის ტერიტორიაზე ბრძოლები ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რუსეთის არმიამ ამ მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწია და მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.
უკრაინელი ოფიცრის თქმით, დღე-ღამეში რუსეთის არმიამ უგლედარში მოკლულის სახით 108, დაჭრილის კი 136 ადამიანი დაკარგა. ომის დროს დანაკარგების შესახებ გავრცელებული ცნობების გადამოწმება არ ხერხდება.
უკრაინის დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც ამჟამად რუსეთი აკონტროლებს, კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალები უგლედარის შემოგარენს აკონტროლებენ და მიმდინარეობს ოპერაცია უკრაინელი სამხედროებისგან ქალაქის “გასაწმენდად”.
აღნიშნულ განცხადებას “მიზანმიმართული დეზინფორმაცია” უწოდა ბრიტანეთის დაზვერვამ. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები, როგორც ჩანს, აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწიეს ვერანაირ არსებით წარმატებას.
ამასთან რუსმა ოკუპანტებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 14.
“კონსტანტინოვკაზე რუსი ოკუპანტების მიერ დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს… რუსი ოკუპანტების კიდევ ერთ დანაშაული ჩვენს მიწაზე – ბოროტება აუცილებლად დაისჯება” – წერს კირილენკო.
მისივე ინფორმაციით დაზიანდა 4 მაღალსართულიანი კორპუსი, სასტუმრო, ავტოფარეხები და მანქანები.