დავა სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით-საქმე უზენაეს სასამართლოში მიდის

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებათა გაერთიანების დირექტორის თანამდებობაზე დავა, უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება. ამის შესახებ, რადიო ჰერეთთან, გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია სამიტაშვილმა განაცხადა.
სამიტაშვილის განმარტებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა, რაც ორი ინსტანციის სასამართლომ უკვე დაადასტურა.
” გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, მერის მიერ გამოცემული აქტი უკანონოდ მიიჩნია, იგივე დაადასტურა სააპელაციო სასამართლომაც თუმცა, სასამართლოში არის მავნე პრაქტიკა, რომ განთავისუფლება უკანონოა, მაგრამ სამსახურში აღდგენაზე, უარს გეუბნებიან. ამიტომ მესამე ინსტანციის სასამართლოსაც გამოვიყენებ, რომ ჩემი დარღვეული უფლება აღვიდგინო”- განაცხადა სამიტაშვილმა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, მაია სამიტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, სამსახურიდან, 2019 წლის თებერვალში დაითხოვა. ყოფილი დირექტორი ამბობდა, რომ სესიაშვილი მას უყვიროდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რასც თავად მერი კატეგორიულად უარყოფდა.
2019 წლის სექტემბერში, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სამიტაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მერის მიერ გამოცემული განთავისუფლების ბრძანება უკანონოდ სცნო და მუნიციპალიტეტს სამიტაშვილისათვის 11 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.
სამსახურში აღდგენაზე, სასამართლომ ყოფილ დირექტორს უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ თანამდებობაზე უკვე სხვა პირი იყო დანიშნული.
2021 წლის 5 მარტს, სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის ვერდიქტი ძალაში დატოვა, იმის მიუხედავად, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტისათვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური იყო.
გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაზა ზაუტაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 4 მარტს დაწერა.
მაია სამიტაშვილი და მისი ადვოკატი, მესამე ინსტანციას, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიმართავენ.
ავტორი,
ხათუნა გულიაშვილი