მნიშვნელოვანისაქართველო

დავით გარეჯის საკითხზე პეტიცია გავრცელდა

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, manifest.ge-ზე პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორიც დავით პაიჭაძეა, ადრესატი კი საქართველოს პარლამენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პეტიციაში წერია, რომ არასწორია ,,შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს”. ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 94 ადამიანი აწერს.

,,დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.კარგად ვიცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან. არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.

ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა  და ამ  საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული. მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა. ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან, ვულოცავთ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს – 28 მაისს”, – ნათქვამია პეტიციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button