მნიშვნელოვანისიახლეები

დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტილია-სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას შეუერთდნენ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – დემონსტრანტებმა შეკრება დღის განმავლობაში დაიწყეს. ადგილზე სიტყვით გამოსვლები გრძელდება, თუმცა, გეგმებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
როგორც დემონსტრანტები ამბობენ, სამოქმედო გეგმა სცენიდან გახდება ცნობილი. მათივე თქმით, პროტესტი იქნება უწყვეტი და ისინი მშვიდობიანად გააგრძელებენ პროტესტს.
დემონსტრაციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ. სტუდენტები, რომლებიც დღეს აუდიტორიებში არ შევიდნენ, სხვადასხვა წერტილიდან, მსვლელობით დაიძრნენ რუსთაველისკენ. საუბარია ათზე მეტ უმაღლეს სასწავლებელზე.
რუსთაველის გამზირი ამ წუთებში ისევ გადაკეტილია.
ცნობისთვის, თითქმის ერთი თვეა, დემონსტრანტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

ვგმობთ „რუსულ კანონს“ „გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც, როგორც უზარმაზარი კედელი, ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე, – აღნიშნული განცხადება თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა მსვლელობამდე გააკეთეს.
სტუდენტები სოლიდარობისკენ და ერთობლივი პოზიციისაკენ მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მოქალაქეებს, კოლეგებსა და ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებასა და სამართლიანობას.
„ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს გვაშფოთებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ვგმობთ „რუსულ კანონს“ „გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც როგორც უზარმაზარი კედელი ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე.
ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში და არ შეეგუება თავისუფლების და დამოუკიდებლობის რაიმე ფორმით შეზღუდვას, არ ვაპირებთ დავუთმოთ ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით ნაჟღენთი ქვეყანა და მამული ჩრდილოელ დამპყრობელს.
როგორც მომავალი ექიმები ვდგავართ და ვიდგებით, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვინაიდან ჯანმრთელობა ნიშნავს ადამიანის სრულ, ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთლიდღეობას, ამ პროცესში ჩვენ როლს განსაკუთრებულად აღვიქვამთ.
მივმართავთ აქციის მონაწილეებს, პოლიციელებსა თუ აქციაზე მყოფ ნებისმიერ პირს, ვუერთდებით სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მზად ვართ გაგიწიოთ პირველადი დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ამოცნობას აქციაზე შეძლებთ თეთრი ხალათებით, თეთრი სამკლაურებით და სხვადასხვა სპეციალური ნიშნებით.
მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოუწოდოს შესაბამის ორგანოებს, საკუთარი სტუდენტებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და დაადასტურონ ის, რომ ეს უნივერსიტეტი იმ იდეით აგრძელებს ფუნქციონირებას, რა იდეითაც დაიბადა.
მიგვაჩნია, რომ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს და არ ვუშინდებით ამ პროცესის საწინააღმდეგო ნებისმიერ ძალას, ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს და ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას.
მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ და ერთობლიცი პოზიციისაკენ ყველა სტუდენტს, პროფესორს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს კოლეგებსა და ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებასა და სამართლიანობას“, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

ილიას სახელწიფო უნივერსისტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივიდნენ, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით პარლამენტის მიემართებიან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დილიდან მართავენ აქციას.
სტუდენტებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტეს და ასე მიემართებიან პარლამენტამდე. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.
დღის განმავლობაში ეს მეორე მსვლელობაა. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დღეს, 13:00 საათზე მსვლელობით შეუერთდნენ პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტი და უნივერსიტეტებში გაფიცვა არ შეწყდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს კანონპროექტს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა გაფიცვა, დღეს ეს გაფიცვა შედგა. აუდიტორიის უმრავლესობა არის ცარიელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ შევბრუნდეთ აუდიტორიებში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება” არ გაიწვევს ამ კანონს და მანამ, სანამ ჩვენი რექტორი, ჯაბა სამუშია არ დააფიქსირებს საკუთარ მკაფიო პოზიციას ამ კანონთან დაკავშირებით.
დღეს უკვე მეორე მარში იმართება თსუ-დან. კიდევ ერთხელ დავიძვრებით და საკანონმდებლო ორგანოში გამოკეტილ მმართველ პარტიას კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას”,- განაცხადა სტუდენტმა, დიტო ბელქანიამ.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, ამ მოწოდებით ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ შეიკრიბნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააპროტესტეს. მოგვიანებით კი, მსვლელობა მოაწყვეს.
სტუდენტები სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობენ.
მათი თქმით, დაზუსტებული სამოქმედო გეგმა არ აქვთ, თუმცა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს, რომ შეუერთდნნ.
აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს, რომ იბრძოლებენ საქართველოს თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შვილები და ჩვენ, მომავალი მშობლები პირობას ვდებთ დავიცვათ ქვეყნის ღირსეული მომავალი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ევროპული გზა. ვფიცავთ, რომ ყველა რესურს და შესაძლებლობას გამოვიყენებთ”, – აღნიშნეს სტუდენტებმა ფიცის დადებისას.

“ვგმობთ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, განგრძობით რბევას, დაშინებასა და მუქარას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და ვუცხადებთ სოლიდარობას დაზარალებულებს” – საერთო სტუდენტურ გაფიცვას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება დღეს მათივე სასწავლებელთან გააკეთეს და პარლამენტს მოუწოდეს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაიწვიოს რუსული კანონი:
საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე ქვეყანას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს – ევროპას…
შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” აცხადებენ სტუდენტები
სტუდენტურ პროტესტს უერთდებიან “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებიც.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს – პლენარულ სხდომაზე ამ კანონის მესამე მოსმენა 14 მაისს გაიმართა.
მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი 13 მაისიდან გაფიცულია – 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციებში აქტიური ჩართულობის მიზნით უარი თქვეს აუდიტორიებში სიარულზე.
სტუდენტების მსვლელობა თსუ-ს ეზოდან დაიწყო და რუსთაველის გავლით მიდის პარლამენტის შენობასთან. ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებას “რუსულ კანონად” წოდებული კანონპროექტზე უარის თქმას სთხოვენ.
სტუდენტების მსვლელობის პარალელურად ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ – მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ “ქართული ოცნება” ამ კანონს მიიღებს და ეს იქნება მოსახლეობის უმრავლესობის ნების აღსრულება. ორშაბათს დილით, სანამ მმართველი პარტია, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით, სულ რაღაც 67 წამში დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი ამერიკის შეერთებული შტატების, ერთი კი რუსეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.
დაკავებულების ნაწილს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა 13 მაისს.

“ვიწყებთ გაფიცვას და არ და ვერ დავბრუნდებით აუდიტორებში, ვიდრე რუსულ კანონს არ გაიწვევენ” – განცხადება ამის შესახებ “საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის [GIPA] სტუდენტებმა გააკეთეს.
ახალგაზრდები თანატოლებს, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან პროტესტი გამოაცხადეს, სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და ითხოვენ აქციაზე დაკავებული სტუდენტის გიორგი ჟღენტის გათავისუფლებას.
“წინ ევროპისკენ, ახლა მთავარ გამოცდას ვაბარებთ რუსთაველზე” – აცხადებენ GIPA-ს სტუდენტები

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორებისა და თანამშრომლების განცხადებაში. სტუდენტები ვიდეომიმართვას ავრცელებენ და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსაც მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს:
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.
ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას.
მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს: შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში.” აცხადებენ კონსერვატორიის სტუდენტები.

ქუთაისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ქართული ოცნების ოფისთან აქციას მართავენ. ისინი იქ მსვლელობით მივიდნენ და რუსულ კანონს აპროტესტებენ, მმართველ პარტიას კი მოუწოდებენ შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და გაიწვიოს რუსული კანონი.
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ გაფიცულ სტუდენტებს ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. ისინი ერთობლივ აქციას მართავენ.
სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ რუსული კანონი. მათი თქმით, ის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.
“ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი. არ გვინდა რუსული კანონი. არ გვინდა რუსეთში. გვინდა, რომ კარგი მომავალი გვქონდეს,” – ამბობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე აღნიშნავს, რომ გაფიცვას მანამ არ შეწყვეტენ, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უერთდებიან სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე:
“მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ისტორიული არჩევანის და ევროპული ფასეულობების დაცვა, რაზეც მეტყველებს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიც და შესაბამისად ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ- შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება და უარს ვაცხადებთ პროტესტის ნიშნად ლექციებზე დასწრებაზე” განაცხადეს სტუდენტებმა
ისინი გმობენ რუსულ კანონს და სამართალდამცველების მხრიდან, აქციების მონაწილეების დარბევას. ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები მოუწოდებენ სხვა თანატოლებს, ასევე ლექტორებს, გაიზიარონ ეს პოზიცია და შეუერთდნენ პროტესტს.
ცნობისთვის, ქუთაისში ახალგაზრდები დილიდან მართავენ აქციას და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი ნაწილი მხარს უჭერს და უერთდება სტუდენტების გაფიცვას! – ისინი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეიდან, რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით, აღარ დაესწრებიან ლექციებს:
“ჩვენ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვსწავლობთ და განათლებას ვიღებთ ევროპული მოდელის შესაბამისად , მითუმეტეს, როდესაც ჩვენს უნივერსიტეტს,“აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“ ჰქვია.გვსურს დავარღვიოთ დუმილი და პასუხი გავცეთ ძალადობას , რომელიც ხორციელდება თბილისში! არა რუსულ კანონს!
ჩვენ ვგმობთ ძალადობას! ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 13 მაისიდან, ჩვენც შევუერთდეთ გაფიცვას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად და მოვაწყოთ ოფიციალური გაფიცვა მანამ, სანამ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული ხელისუფლების მიერ!
1. 13 მაისიდან არ მოვალთ უნივერსიტეტში
2. არ დავესწრებით ლექციებს
3. მოვუწოდებთ ყველა შიდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს, რომ შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან დროს და დავგმოთ რუსული კანონი და ძალადობა.
ჩვენ გვსურს ნათელი და ევროპული მომავალი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ჩვენი წინსვლა და განვითარება 21-ე საუკუნეში.” ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება – საზღვაო აკადემიასთან ამ წუთებში ის სტუდენტები არიან შეკრებილნი, რომლებიც გაიფიცნენ. ისინი მსვლელობით შეუერთდებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
“აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით! გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ერთი წუთი და 4 წამი გაგრძელდა, რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
პროტესტის გამო, დღეს სასწავლო პროცესი არ განახლებულა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ უმაღლეს სასწავლებელში 8000-მდე სტუდენტი, 277 პროფესორი, 69 მეცნიერ-თანამშრომელი და 460 მიწვეული პედაგოგია.

საქართველოს პარლამენტიდან „აგენტების კანონის” გაწვევის მოთხოვნას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც შეუერთდა. ახალგაზრდებმა ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან გამართეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“. აქ მათ ფიცი დადეს, რომ “დაიცავენ საქართველოს ღირსეულ მომავალს, მის დამოუკიდებლობას და ქვეყნის ევროპულ მომავალს”.
სტუდენტები უნდობლობას უცხადებენ „აგენტების კანონს“, რადგან ის, მათი შეფასებით, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
“არ დავთმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება”, – თქვეს სტუდენტებმა სიტყვით გამოსვლისას.
აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს დანარჩენ სტუდენტებს, ლექტორებს, საჯარო მოხელეებს და ყველა მოქალაქეს გაერთიანებისკენ, რათა ხელისუფლება აიძულონ, უკან გაიხმოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს უკარგავს.
აქცია ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობით გაგრძელდა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button