მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ივანიშვილს “არ აინტერესებს” და “არასერიოზულად უყურებს” სანქციების საკითხს,,-ო’ბრაიენთან შეხვდრაზე ივანიშვილმა უარი თქვა-კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. ო’ბრაიენის თბილისში ვიზიტი ხვალ, 14 მაისს არის დაგეგმილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილი “შანტაჟის ქვეშ” შეხვედრებს ვერ გამართავს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს “არ აინტერესებს” და “არასერიოზულად უყურებს” სანქციების საკითხს.
გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილთან შეხვედრას სხვა უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკოსებიც აპირებდნენ, თუმცა ოლიგარქი შეხვედრებზე უარს ამბობდა.

“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ იყო [ჯიმ ო’ბრაიენის მხრიდან] თხოვნა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, იყო შემთხვევები გასული თვეების განმავლობაში, როცა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, რადგან მე მიწევდა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.

ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს”, – თქვა მან.

13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ თქვა ისიც, რომ ხვალ პარლამენტი “მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნებით”, მესამე მოსმენით მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს.
დღესვე, ტელეკომპანიებმა “იმედმა” და, “რუსთავი 2”-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკვე აღარ იძებნებოდა ინტერნეტ სივრცეში, თუმცა ტელეკომონია “იმედის” საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი, სადაც ეს ცნობა წამყვანმა წაიკითხა ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, რომელსაც რამდენიმე საათში თბილისში ელოდებიან, ოპოზიციაში აფასებენ. მათი თქმით, ასეთ ვითარებაში მაღალი რანგის ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯეიმს ო’ბრაიენი ხვალიდან შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების კონკრეტული პაკეტით ჩამოდის, რის საპასუხოდაც “ქართული ოცნება” სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციებს გადახედავს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანქციები უნდა შეეხოს როგორც ივანიშვილს, ასევე “ქართული ოცნების” წევრებს და იმ 83 დეპუტატს, რომელიც კანონს მხარს უჭერს.

“ო”ბრაიენის ჩამოსვლა და სანქციები უმნიშვნელოვანესია. საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანას არ უნდა შეეხოს არაფერი, უნდა შეეხოთ მათ, უნდა შეეხოს “ქართულ ოცნებას”, ივანიშვილს და ამ 83 დეპუტატს,” – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ო’ბრაიენის ვიზიტი ისეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველოა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“ვიზიტი ასეთ რთულ ვითარებაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეებისათვის. უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი მაღალი დონის ვიზიტი არის ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი. რადგან ეს ნიშნავს პარტნიორების გვერდში დგომას”, – აცხადებს ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ო’ბრაიენის ვიზიტი, რომელიც არის სანქციების კოორდინატორი, იქნება დიალოგის ბოლო შესაძლებლობა შეერთებული შტატების მხრიდან.

“ამ დიალოგის ფარგლებში, მე ვფიქრობ, ნათლად წარმოაჩენს, რა შედეგები მოჰყვება უშუალოდ “ქართული ოცნებისთვის” სანქციების სახით და რა შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში 13 მაისს, ღამით ჩამოდის და შეხვედრებს 14 მაისს გამართავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში შეხვედრებს გამართავს “ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა გამოხატოს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს სურვილისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ”.

13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button