მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დეგნანის შეფასებით უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაციის წასვლა ძალიან დადებითი ნიშანია

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისი სიტყვებით მოხარულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის წლების განმავლობაში არსებული ძმური ურთიერთობა ისევ სახეზეა.

მისი სიტყვებით „ერთადერთი ვინც სარგებელს იღებს, მაშინ როცა უკრაინა და საქართველო უპირისპირდება ერთმანეთს არის რუსეთი”, ამიტომ ამ ერთიანობის ნახვა ახლა ძალიან სასიხარულოა.

“ახლა ის მომენტია, როცა ყველა უნდა იდგეს ერთად და ნათელი გახადოს, ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის დაპყრობისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა , ქალაქების დანგრევა დაუშვებელია და ვფიქრობ, დელეგაციის ვიზიტი ამის მტკიცე დადასტურებაა“,– განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, დელეგაცია უკრაინაში ჩასვლით გამოხატავს ქართველი ხალხის ძლიერ სურვილს, რომ მათ სურთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გვერდით დგომა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი იმისა, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და ჩვენთვის ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა არის მიუღებელი.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც სხვადასხვა მიზეზების გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავ აქ არის და გრძელდება“, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, უკვე 50-ე დღეა იმ საშინელი აგრესიის, რომელიც რუსეთმა უკრაინელი ხალხის და უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.

„ყველა ვეძებთ გზებს, რომ მხარი დავუჭიროთ ამ მამაც ხალხს, რომელიც ასეთი შემართებით თავის ქვეყანას იცავს”, – დასძინა მან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრა.

დელეგაციაში არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button